გიორგი კვირიკაშვილმა და ტორბიორნ იაგლანდმა შეხვედრაზე ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ რეფერენდუმზე ისაუბრეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდმა შეხვედრაზე ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ რეფერენდუმზე ისაუბრეს.
როგორც კვირიკაშვილმა შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების მდგომარეობას.
„ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა. მე მადლობა გადავუხადე გენერალურ მდივანს საქართველოსა და ევროსაბჭოს თანამშრომლობაში შეტანილი მისი პირადი წვლილისთვის. განვიხილეთ თანამშრომლობის საკითხები, აღვნიშნეთ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ამბიციური კომპლექსური რეფორმების მნიშვნელობა. შეხვედრის დროს განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
ამასთან, როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ქართული მხარე მოხარულია, უმასპინძლოს გენერალურ მდივანს და მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრს თბილისში 9 მაისს, რა დროსაც დაიწყება 2016-2020 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება.
„ჩვენ ამ გეგმისადმი სერიოზული დამოკიდებულება გვაქვს. საქართველოს მთავრობას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, გავაგრძელოთ საქართველოს ევროპეიზაციის რეფორმები, ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული რეფორმები, სასამართლო სისტემის განვითარება და დემოკრატიული ინსტიტუტების შენება.
მსურს, მადლობა გადავუხადო გენერალურ მდივანს საქართველოს დახმარებისთვის. საქართველოს მთავრობას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, გააგრძელოს ეს ნაყოფიერი თანამშრომლობა ევროსაბჭოსთან“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები