ზაქარია ქუცნაშვილი ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მესამე ვადით დანიშვნას ნეგატიურად ეხმაურება
პუტინსაც კი არ უკადრია მესამე ვადით აერჩია ვინმეს, ვიღაცამ კი ამ დროს საზოგადოებას მესამე ვადით აარჩევინა საკუთარი თავი. ეს არის დემოკრატიული პრინციპებისგან ძირეული გადახვევა, – აღნიშნული განცხადებით გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი ტექნიკურ უნივერსიტეტში შექმნილ ვითარებას, სადაც რამდენიმე ლექტორი შიმშილობს და რექტორის გადაყენებას ითხოვს. ქუცნაშვილმა, უნივერსიტეტში არსებულ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ 15 წლის წინ ტექნიკური უნივერსიტეტი საუკეთესო უნივერსიტეტების ასეულში შედიოდა, დღეს კი ათასეულშიც კი არ არის.
„ამ უბედურებას, რასაც ახლა ვუყურებთ, თავს დავაღწევდით, შარშან, დეკემბერში გაკეთებული ჩემი განცხადება რომ არ დარჩენილიყო რეაგირების გარეშე. ვინც ეს განცხადება ურეაგირებოდ დატოვა, მან მიიყვანა ეს ვითარება ამ მდგომარეობდამდე. კი, ადამიანები ვართ და ვიღაცას აქვს ცდუნება, რომ მესამედ და მეოთხედ გახდეს რექტორი, მაგრამ ვიღაცამ უნდა უთხრას, რომ არ შეიძლება ამის კადრება. ბატონი ფრანგიშვილი ამბობს, მე ორი არასრული ორი ვადით ვიყავი არჩეულიო. რახან 7 წლით იყო და არა 8 წლით, ახლა მესამე ვადით უნდა აირჩიონ? უმაღლესი განათლების შესახებ კანონში წერია, რომ არაუმეტეს 2 ვადით უნდა იყოს არჩეული რექტორი. ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება 6,7 ან 8 წელი იყოს. ხოლო იმ ლოგიკით, რასაც ფრანგიშვლი გვთავაზობს, გამოდის, რომ ყველა მომდევნო რექტორს აირჩევენ ერთხელ, მეორედ და რვა წელი თუ არ შეუსრულდება, გადადგება თანამდებობიდან და საზოგადოებას თავის თავს კიდევ მესამედ შესთავაზებს. მეტს გეტყვით, ქართული სახელმწიფოს აშენება ტექნიკური აკადემიური საზოგადოების შექმნაზეა დამოკიდებული. ვერ დავაყენებთ ამ ქვეყანას ფეხზე, თუ ძლიერი საინჟინრო სკოლა არ გვექნა. 15 წლის ტექნიკური უნივერსიტეტი მსოფლიო უნივერსიტეტების ასეულში იყო, დღეის მდგომარეობით კი ათასეულშიც კი არ არის. წამოიდგინეთ, რა რეგრესთან გვაქვს საქმე. ქართველი ხალხი ამაში 75 მილიონ ლარს ხარჯავს. რექტორის ბიუჯეტი 75 მილიონია და პლუს ამას ის 200- მილიონიან აქტივებს ფლობს. ამხელა განძის მფლობელია და მსოფლიო უნივერისტეტების ათასეულშიც კი არ არის“,-განაცხადა ქუცნაშვილმა.