სერგეენკო: სახელმწიფო ბიუჯეტიდან საკუთარი ჯანმრთელობისთვის ერთი კაპიკიც არ დამიხარჯავს
სახელმწიფო ბიუჯეტიდან საკუთარი ჯანმრთელობისთვის ერთი კაპიკიც არ დამიხარჯავს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე სერგეენკომ განაცხადა, 2016 წლის მონაცემებით, 650 ათასი კერძო სადაზღვევო პოლისი გაიცა და ეს ადამიანები კერძო დაზღვევით სარგებლობენ, რომელსაც სახელმწიფო ფულს არ უხდის.
მისი თქმით, ეს მოსახლეობის 17 პროცენტია.
“საჯარო დაწესებულებები საყოველთაო ჯანდაცვით არ სარგებლობენ და კერძო დაზღვევაში არიან. ანუ, საკუთარი ჯანმრთელობისთვის ფულს თავისი ხელფასიდან იხდიან. სამინისტროებში ერთადერთი გამონაკლისი მე ვარ, ჯანდაცვის სამინისტრო კი, მთლიანად კორპორაცული დაზღვევით სარგებლობს.
ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო, რომ სიმბოლურად, თეორიულად, საყოველთაო დაზღვევის ბენეფიციარი ვყოფილიყავი. თუმცა 3,5 წლის მანძილზე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან საკუთარი ჯანმრთელობისთვის ერთი კაპიკიც არ დამიხარჯავს. ამას სხვა გზებით ვაგვარებ და, საბედნიეროდ, ჯანმრთელობის მოვლა არ დამჭირვებია“, – განაცხადა მინისტრმა.
ამასთან, სერგეენკოს თქმით, საყოველთაო ჯანდაცვა შენარჩუნებული იქნება.