რა ბრალდებას უყენებს ნიკა რურუა კულტურის სამინისტროს?

 

საქართველოს ყოფილი კულტურის მინისტრი ნიკა რურუა ინტერნეტგაზეთში „Iveria.biz“ სტატიას აქვეყნებს, სადაც კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელობას არაკომპეტენტურობასა და უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს. რურუა პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს, კულტურის სამინისტროს მთელი ხელმძღვანელობა გადააყენოს.

მისი განცხადების მიზეზს ნიკოლოზ რურუა თავადვე ასახელებს: „ორიოდ დღის წინ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადილემ ალექსანდრე მარგიშვილმა საზოგადოებას ამცნო, რომ საქართველო, როგორც ქვეყანა, მონაწილეობას აღარ მიიღებს ვენეციის მომდევნო ბიენალეზე. ეს გადაწყვეტილება ახსნილი იყო ლოჯისტიკური შეუთანხმებლობით საგამოფენო სივრცის შესახებ მასპინძელ, ანუ იტალიის მხარესთან“.
კულტურის ყოფილი მინისტრი ამტკიცებს, რომ „თუ საქართველომ, მართლაცდა, აღარ მიიღო მონაწილეობა ამ მსოფლიო მნიშვნელობის არტ-ღონისძიებაში, მაშინ მთავრობის ხელმძღვანელს სრული უფლება აქვს კულტურის სამინისტროს მთელი ხელმძღვანელობის გადაყენებისა, როგორც სრულიად უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტური ჩინოვნიკებისა“.
იმავე სტატიაში ნიკოლოზ რურუა მკითხველს განუმარტავს, თუ რა მნიშვნელობა აქვს ვენეციის ბიენალეს და როგორ არ ეპატიებათ მისი ჩაშლა, როგორც თავად მოიხსენიებს,- „უპასუხისმგებლო“ ჩინოვნიკებს.
აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ რურუას ამ განცხადებაში ერთი მნიშვნელოვანი უზუსტობაა, რადგან 2014 წელს იმართება არა არტ-ბიენალე, არამედ არქიტექტორთა XIV ბიენალე, რომელიც მართალია, არტ-ბიენალეს ბაზაზეა დაფუძნებული, მაგრამ მასში მონაწილეობას მხოლოდ არქიტექტორები იღებენ. როგორც არქიტექტორთა კავშირის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, ქართველი არქიტექტორები ბიენალეზე ყოველ წელს მონაწილეობდნენ არქიტექტორთა კავშირის სახელით და არა კულტურის სამინისტროს კურატორობის ქვეშ. როგორც კულტურის სამინისტროში ამბობენ, არქიტექტორთა ბიენალეზე დღემდე არ გასულა კულტურის სამინისტროს პროექტი. მასში ბოლო 4 სეზონია, საქართველოს არქიტექტორთა კავშირი მონაწილეობს.
ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის მარინე მიზანდარის ინიციატივით, არქიტექტორთა ბიენალეც კულტურის სამინისტროს „დაფინანსების ნუსხაში“ მოხვდა, რამაც საქართველოს არქიტექტორთა კავშირში უკმაყოფილება გამოიწვია.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ,,კვირამ“ კომენტარი სთხოვა საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარეს დავით აბულაძეს:
„ ვენეციის არქიტექტორთა ბიენალეზე უკვე 4-ჯერ ვმონაწილეობდით და ამ გამოფენების ორგანიზატორი ყოველთვის არქიტექტორთა კავშირი იყო. წელს კი, ამ საკითხის კურატორობა მხოლოდ კულტურის სამინისტრომ აიღო. წლევანდელ არქიტექტორთა ბიენალეზე მონაწილეობისთვის სამინისტროში კონკურსიც ჩატარდა, რომელშიც გაიმარჯვა პროექტმა ,,კამიკაძე ლოჯია“ (იგივე პროექტმა, რომელიც შარშან ვენეციის არტ-ბიენალეზე მონაწილეობდა)… სხვათა შორის, რამდენიმე კვირის წინ მე ჩასული ვიყავი ვენეციაში, მაგრამ ხისგან დამზადებული ეს პავილიონი მხოლოდ ერთ წელზეა გათვლილი და მისი დემოტაჟიც სამინისტროს დიდი თანხა დაუჯდება. არქიტექტორთა ბიენალეზე მონაწილეობისთვის სამინისტრომ ჯამში დიდი თანხა,- 72 000 ევრო გამოყო, რომელიც, ვფიქრობ, კულტურის სამინისტროში ამ პროექტის კურატორმა არაგონივრულად დაგეგმა. ჩემი აზრით, შესაძლებელი იყო ეს სახსრები გონივრულად გაწერილიყო“.
შეგახსენებთ, რომ ხსენებული სახსრები, რომელზეც დავით აბულაძე საუბრობს, კულტურის სამინისტროს მიერ ამ პროექტის განსახორციელებლად მარინა მიზანდარის დროს გამოიყო.
ამასთან, არქიტექტორთა კავშირი წლევანდელ ბიენალეზეც გეგმავს მონაწილეობის მიღებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები