რუსეთის პრესა: ყირიმის მიერთების დიდი საფასური

 

,,ევროპასთან და ამერიკასთან ურთიერთობების გაფუჭების შემდეგ რუსეთს კაპიტალის გადინება და რეგიონული ბიუჯეტის დეფიციტი ემუქრება, – ამის შესახებ ,,ნეზავისიმაია გაზეტა“ იტყობინება. ორშაბათს რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ ქვეყნის მორიგი ფინანსური ანტირეკორდის შესახებ განცხადება გააკეთა. ეკონომიკის განვითარების სამინისტროს შეფასებებით, პირველ კვარტალში რუსეთის ფედერაციიდან კაპიტალის გადინებამ შესაძლოა 65-70 მილიარდი დოლარი შეადგინოს. ეკონომიკური ზრდისა და კაპიტალის მოძრაობისთვის ნეგატიურ ფაქტორად რუსეთის დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭება გახდა, – აცხადებს აღნიშნული სამინისტროს მინისტრის მოადგილე ანდრი კლეპაჩი.
,,ასეთი დეფიციტი არასდროს არ ყოფილა. როგორც წესი, დეფიციტი 50 – 100 მილიარდი რუბლი იყო,“ – ციტირებს გამოცემა ფინანსთა მინისტრის ანტონ სილუანოვის სიტყვებს. „თუ უახლოეს პესპექტივას გადავხედავთ, განსაკუთრებული ცვლილებები მოსალოდნელი არ არის“, -აცხადებს მინისტრი. ეკონომიკის განვითარების უმაღლესი სკოლის დირექტორი ნატალია აკინდინოვა კი აღნიშნავს, რომ ახლა სახელმწიფო სულ უფრო მეტ თანხებს დებს თავდაცვაში.
,,წლის დასაწყისიდან ორ თვეში ნაციონალური თავდაცვისთვის მთელი წლისთვის გათვალისწინებული თანხის მესამედი გამოიყო, რამაც ბანკების ანგარიშებზე უზარმაზარი ფულის რესურსი გაყინა “, – აცხადებს აკინდინოვა. ასევე ხდება ბაზრიდან კერძო ბანკების გაძევება და სახელმწიფო ბანკების როლის გაძლიერება.
,,ეკონომიკის დასუსტების და დასავლეთის მხრიდან მოსალოდნელი სანქციების დაკისრების წინაშე მდგომი ბანკების სახელმწიფო ბანკებთან ურთიერთობა შედარებით მაღალია, ვიდრე სხვებთან“,- განმარტავს ეკონომისტი.
,,მობილიზებული და კრიზისული რეჟიმის დროს პრიორიტეტული ხდება შიდა პროექტები, რაც სასიხარულოა, მაგრამ კაპიტალის გადინებამ და შიდა ინვესტიციების არქონამ შესაძლოა, სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს“, – გაფრთხილებას იძლევა ფინანსური ანალიტიკოსი იანა ტრუბნიკოვა და იქვე აღნიშნავს: ,,დიდხანს ასეთი რეჟიმით ცხოვრება  ძალიან მძიმე იქნება“.  ,,რუსული ეკონომიკა  სულ უფრო მეტად დაზარალდება. სესხები საზღვარგარეთიდან გაძვირდება და მიუწვდომელი გახდება. დაქვეითდება ბიზნესის კრედიტირება“,- ამ პროგნოზს კომპანიების აუდიტის დირექტორი ალექსანდრე მირონოვი აკეთებს.
,,რუსეთთან ყირიმის და მობილიზებულ -კრიზისული რეჟიმის შეერთების საფასურმა შესაძლოა, წელიწადში 50 მილიარდი დოლარი შეადგინოს “, – აკეთებს რეზიუმეს გაზეთი „უკრაინული ბანკები“.
ყირიმს ტოვებენ
,,კომერსანტი“ წერს, რომ უკრაინული ბანკები ყირიმში მათი ბიზნესის დახურვას ცდილობენ. როგორც გამოცემისთვის გახდა ცნობილი, Platinium bank-მა უკრაინულ და რუსულ ბანკებს ყირიმელი მსესხებლების პორტფელის შესყიდვის წინადადება გადაუგზავნა. ბანკში აცხადებენ, რომ კრედიტებს ყირიმის ტერიტორიის დატოვების გამო ყიდიან, ასეთივე ბედი ელის ნახევარკუნძულზე ფილიალების ქსელსაც. ბაზრის მონაწილეთა თქმით, Platinium bank-ის მაგალითს სხვა უკრაინულმა ბანკებმაც მიბაძეს. ეს ბანკი  პირველი მერცხალი იქნება უკრაინულ ბანკებს შორის, რომლებიც ყირიმს დატოვებენ. უკრაინის უმაღლეს რადაში შეტანილია კანონპროექტი, რომელიც   ყირიმსა და სევასტოპოლში ეკონომიკური საქმიანობის წარმართვაზე სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. თუ ეს კანონპროექტი მიიღეს, მაშინ უკრაინულ ბანკებს ნახევარკუნძულზე მუშაობა აეკრძალებათ“,- წერს ,,კომერსანტი“.

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რადას გადაწყვეტილების მოლოდინში უკრაინული ბანკები აქტივების გაყიდვისთვის ემზადებიან, მოსკოველი ბანკირებიც ადასტურებენ. მოსკოვის ბანკში აცხადებენ, რომ უკვე შევიდა წინადადებები უკრაინელი ბანკირებისგან აქტივების გაყიდვის თაობაზე, თუმცა ბანკების დასახელებისგან თავი შეიკავეს. მოსკოვის ბანკში დარწმუნებულნი არიან, რომ ასეთი შეთავაზებები მასობრივ ხასიათს მიიღებს.
„როსნეფტი“ შორეულ აღმოსავლეთში გადადის
გაზეთი ,,ვედომოსტი“ კი ,,როსნეფტის“ შორეულ აღმოსავლეთში შესაძლო გადარეგისტრირების შესახებ წერს. გაზეთის ინფორმაციით,  შესაძლოა, იქვე გადავიდეს ცენტრალური აპარატიც. იმის შესახებ, რომ მზად არის სახელმწიფო კომპანიების სია, რომლებიც შორეულ აღმოსავლეთში უნდა გადავიდნენ, – გასულ კვირას შორეულ აღმოსავლეთში პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი იური ტრუტნევი საუბრობდა. მან პირობა დადო, რომ პუტინთან და მთავრობის მეთაურთან – მედვედევთან შეთანხმების შემდეგ გაასაჯაროვებდა სიას. ტრუტნევის სიაში არის ,,როსნეფტიც“. ეს 4-მა ფედერალურმა ჩინოვნიკმა დაადასტურა. ამჯამად ,,როსნეფტი“ მოსკოვშია დარეგისტრირებული. არაოფიციალური ინფორმაციით, მის მოსკოვის ოფისებში დაახლოებით 5000 ადამიანი მუშაობს. თუ გადაწყვეტილება განხორციელდა, ,,როსნეფტის“ თანამშრომელთა უმეტესობა,  კარგი ხელფასისა და სოციალური პაკეტის მიუხედავად, სამსახურიდან წავა – დარწმუნებულია კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები