საქართველოს დელეგაციამ დიმიტრი ხუნდაძის ხელმძღვანელობით ბულგარეთში პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა

ბულგარეთში, სოფიაში, საქართველოს დელეგაციამ დიმიტრი ხუნდაძის ხელმძღვანელობით პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა.
“ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრა გაიმართა ბულგარეთის შრომისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტროში მინისტრის მოადგილესთან და დემოგრაფიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან. ვიზიტის მიზანია ევროკავშირის წევრი ქვეყნის გამოცდილების გაზიარება სახელმწიფო დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავებაში.
როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, ბულგარეთი ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც მიიღო და დაამტკიცა ეროვნული დემოგრაფიული განვითარების სტრატეგია.
„ბულგარეთი ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც მიიღო და დაამტკიცა ეროვნული დემოგრაფიული განვითარების სტრატეგია. განსაკუთრებით საინტერესოა ინსტიტუციური მექანიზმები, რომლებიც მიმართულია ქვეყნის დემოგრაფიული პოლიტიკის განხორციელების კოორდინირებისთვის, ასევე, დემოგრაფიული პოლიტიკის ეროვნული საბჭოს გამოცდილება და სპეციფიკური თემების განხორციელებისა და მონიტორინგის საკითხები. საქართველოს დემოგრაფიული პროგრამის განხორციელება ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დავიწყეთ. ჩვენ ვაცნობიერებთ ქვეყანაში დემოგრაფიული საფრთხის მნიშვნელობას და პირველად ვამტკიცებთ დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციას, რომლის შემუშავებაშიც აუცილებელია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ხვალ, საქართველოს დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის პრეზიდენტთან და ბულგარეთის არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ხოლო 6 აპრილს დელეგაციას უმასპინძლებენ ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი და მეცნიერ-თანამშრომლები. სამუშაო ვიზიტი დასრულდება ბულგარეთის ეროვნულ ასამბლეაში, სადაც დელეგაციის წევრები დიმიტრი ხუნდაძის ხელმძღვანელობით შეხვდებიან ბულგარეთის ეროვნული პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს და პარლამენტის შრომის, სოციალური და დემოგრაფიული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში, დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით, მუშავდება დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფცია. სამდღიანი სამუშაო ვიზიტი სოფიაში გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. დელეგაციის წევრები არიან: საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე, განათლების მინისტრის მოადგილე თამაზ მარსაგიშვილი, რეგიონალური განვითარების სამინისტროს რეგიონალური პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის და პრემიერის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ასევე ჯანდაცვის კომიტეტის აპარატის უფროსი, დემოგრაფთა ასოციაციის მეცნიერ-თანამშრომელი და დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარე. საქართველოს დელეგაციას წარმოადგენენ ასევე გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე და ანალიტიკოსი გიორგი მატარაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები