დავით მათიკაშვილი „ალდეზე“: ეს ორგანიზაცია უკვე ცხადია, რომ არის ტყუილების რუპორი
“ეს ორგანიზაცია უკვე ცხადია, რომ არის ტყუილების რუპორი, სიცრუის პროპაგანდაზე ორიენტირებული ადამიანების ერთობა, “- ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ზოგადად, როდესაც ადამიანი შედარებით მსუბუქ აღკვეთის ღონისძიებას არ ასრულებს, ის შედარებით მძიმე აღკვეთის ღონისძიებით იცვლება.
„ეს ორგანიზაცია უკვე ცხადია, რომ არის ტყუილების რუპორი, სიცრუის პროპაგანდაზე ორიენტირებული ადამიანების ერთობა. როდესაც აშკარა კადრები არსებობს, საზოგადოებამ ყველაფერი თვალნათლივ დაინახა, რომ ამ სასამართლო სხდომას ესწრებოდნენ, მათ შორის მედიის წარმომადგენლებიც და ყველა ის მსურველი, ვინც დესტრუქციისთვის არ იყო იქ. ესენი არიან მატყუარები და არ სურთ საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე.
რაც შეეხება ჯაფარიძის დაკავებას, იქ ჯაფარიძე იქნებოდა ამ ადამიანის გვარი თუ პეტრიაშვილი მნიშვნელობა არ აქვს. როდესაც შედარებით მსუბუქ აღკვეთის ღონისძიებას არ ასრულებ, ის შედარებით მძიმე აღკვეთის ღონისძიებით იცვლება, ეს არის ორჯერ ორი ოთხი“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, “ალდეს” პოლიტიკური ჯგუფი, გირაოს გადაუხდელობის გამო ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დაკავებას გმობს. ქართული ოპოზიციის უცხოელი მოკავშირეები ჯაფარიძის გათავისუფლებას და ბრალის მოხსნას ითხოვენ.