შს მინისტრის მოადგილე: ევროკავშირის ოფისის თანამშრომლის საზღვარზე შემოშვებისას შეფერხება არ იყო მიზანმიმართული ქმედება, ეს იყო გარკვეული სახის შეცდომა – ოფისს განემარტა, რომ ამ ადამიანს აქვს საქართველოში შემოსვლის უფლება, ინციდენტი ამოწურულია
,,მსგავს ფაქტს ნამდვილად ჰქონდა ადვილი, თუმცა ეს იყო გარკვეული ტიპის ტექნიკური ხარვეზი და შეფერხება”,- ამის შესახებ
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლის საიმონ ვანდერბრუკის საქართველოში არ შემოშვების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ევროკავშირის საელჩოსთან კომუნიკაცია შედგა და განემარტათ, რომ ვანდერბრუკს აქვს საშუალება ჩვეულებრივად შემოვიდეს საქართველოში და ისარგებლოს იმ დიპლომატიური იმუნიტეტით, რასაც მას საერთაშორისო აქტები აძლევს.
„მოგახსენებთ, რომ მსგავს ფაქტს ნამდვილად ჰქონდა ადვილი, თუმცა ეს იყო გარკვეული ტიპის ტექნიკური ხარვეზი და შეფერხება. იგივე საკითხთან დაკავშირებით ჰქონდათ შესაბამის უწყებებს საუბარი კონკრეტულ დიპლომატთან. ჩვენი მხრიდან დაფიქსირდა პოზიცია, რომ ეს არ იყო მიზანმიმართული ქმედება, ეს იყო გარკვეული სახის შეცდომა, შესაბამისად, განემარტა, რომ ამ ადამიანს აქვს ჩვეულებრივად, საქართველოში შემოსვლის და დიპლომატიური პრივილეგიებით სარგებლობის უფლება, რაც ვენის კონვენციით და შესაბამისი, სამართლებრივი აქტებით არის განსაზღვრული. ასე რომ, ინციდენტი ამოწურულია და მე მგონი, ამაზე დამატებით საუბარი არ ღირს,“ – განაცხადა დარახველიძემ.
ცნობისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობა ადასტურებს, რომ ევროკავშირის დელეგაციის წევრი საიმონ ვანდერბრუკი, რომელიც საქართველოში 2024 წლის სექტემბრიდან მუშაობდა, ქვეყანაში არ შემოუშვეს.
მათივე ცნობით, საქართველოს ხელისუფლებამ“ სიტყვიერი ბოდიში მოიხადა სამწუხარო ინციდენტის გამო და დაადასტურა, რომ თანამშრომელს შეუძლია დაბრუნდეს თავის სამუშაო ადგილზე“.