სალომე ჯამბურიას თავმჯდომარეობით სტრასბურგში ევროპის მემკვიდრეობის დღეების პროგრამის ერების კოორდინატორთა გენერალური ასამბლეა გაიმართა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილის, სალომე ჯამბურიას თავმჯდომარეობით, მიმდინარე წლის 21-22 მაისს, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სათავო ოფისში, ევროპის მემკვიდრეობის დღეების პროგრამის ერების კოორდინატორთა გენერალური ასამბლეა გაიმართა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, „ევროპის მემკვიდრეობის დღეები“ 1999 წლიდან წარმოადგენს ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივ პროგრამას, რომელშიც ევროპის კულტურული კონვენციის ხელმომწერი 50 ქვეყანა მონაწილეობს. ინიციატივა მიზნად ისახავს საერთო ევროპული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პოპულარიზაციას.

პროგრამა მთელი წლის განმავლობაში მონაწილე ქვეყნებს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის კონკურსებსა და საგრანტო სქემებს. მათ შორისაა ახალგაზრდა ევროპული მემკვიდრეობის შემქმნელების კონკურსი, კონკურსი ევროპის მემკვიდრეობის დღეების ისტორიებზე და სხვა.

ევროპის მემკვიდრეობის დღეების ფარგლებში, ყოველი წლის შემოდგომაზე იმართება ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული სხვადასხვა ტიპის კულტურული ღონისძიებები, მათ შორის — გამოფენები, სამუშაო შეხვედრები, საჯარო ლექციები, კულტურული ტურები და მიზნობრივი ჯგუფებისთვის დაგეგმილი შემეცნებით-გასართობი აქტივობები. ყოველწლიური პროგრამის ფარგლებში ორგანიზებული ღონისძიებები შერჩეულ საერთო თემატიკას ეძღვნება.

საქართველოს წარმომადგენელი, სალომე ჯამბურია, 2023 წლის 28-29 ნოემბერს, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სათავო ოფისში გამართულ ევროპის მემკვიდრეობის დღეების ერების კოორდინატორთა გენერალურ ასამბლეაზე, პროგრამის თავმჯდომარედ ორი წლის ვადით აირჩიეს. ის 2019 წლიდან, ერების კოორდინატორთა წარდგინებით, ამავე პროგრამის ვიცე-თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა. პროგრამის თავმჯდომარის პოზიციაზე არჩევნებში მონაწილეობდნენ ბელგიის (ფლანდრია), დიდი ბრიტანეთის (ინგლისი) და პოლონეთის კოორდინატორები, რომელთაგან ხმათა უმრავლესობა (48.39%) საქართველოს წარმომადგენელმა მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები