ევროკავშირის წარმომადგენლობა – ვადასტურებთ, რომ ჩვენს თანამშრომელს საქართველოში შესვლის უფლება არ მიეცა, თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბოდიში მოიხადა და დაადასტურა, რომ მას შეუძლია დაუბრუნდეს სამუშაო ადგილს
ევროკავშირის წარმომადგენლობა ადასტურებს, რომ ევროკავშირის დელეგაციის წევრი საიმონ ვანდერბრუკი, რომელიც საქართველოში 2024 წლის სექტემბრიდან მუშაობდა, ქვეყანაში არ შემოუშვეს.
შესაბამის განცხადებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს ხელისუფლებამ“ სიტყვიერი ბოდიში მოიხადა სამწუხარო ინციდენტის გამო და დაადასტურა, რომ თანამშრომელს შეუძლია დაბრუნდეს თავის სამუშაო ადგილზე“.
„საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ადასტურებს, რომ 21 მაისს, თბილისის აეროპორტში ჩასვლისთანავე, ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთ-ერთ წევრს ქვეყანაში შესვლის უფლება არ მიეცა. ევროკავშირის წარმომადგენლობის სათანადოდ აკრედიტებული წევრისთვის ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას და სხვა შესაბამის ნორმებს, რომელთა დაცვის ვალდებულებაც საქართველოს აქვს. ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვერბალური ნოტა გაეგზავნა. საქართველოს ხელისუფლებამ სიტყვიერი ბოდიში მოიხადა სამწუხარო ინციდენტის გამო და დაადასტურა, რომ თანამშრომელს შეუძლია დაბრუნდეს თავის სამუშაო ადგილზე”,- ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, 22 მაისს, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის დელეგაციის წევრი, საიმონ ვანდერბრუკი, საქართველოს საზღვრიდან გააბრუნეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ცნობით, „ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გაუგებრობას“.