გია ვოლსკი: სალომე ზურაბიშვილი არის აშშ-ის საელჩოში – არ ვიცით, რა საკითხებზე მსჯელობენ, მაგრამ დარწმუნებული ვართ, საელჩო  რელევანტურ განცხადებას გააკეთებს

,,სალომე ზურაბიშვილი არის აშშ-ის საელჩოში. არ ვიცით, რა საკითხებზე მსჯელობენ, მაგრამ დარწმუნებული ვართ, საელჩო რელევანტურ განცხადებას გააკეთებს”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში იმყოფება.

ვოლსკის თქმით, ევროკავშირის ელჩი ჰერჩინსკი „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ ლიდერად გადაიქცა.

„მაკკეინის ინსტიტუტის სტიპენდიატი არის ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში. ჩვენ არ ვიცით, რა საკითხებზე მსჯელობენ, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გააკეთებს რელევანტურ განცხადებას ამასთან დაკავშირებით. იგივე ევროკავშირის ელჩი. უკვე დიდი ხანია გამოდის განცხადებებით, რომელიც პირდაპირ არის პოლიტიკური განცხადება. „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ ლიდერად გადაიქცა ჰერჩინსკი. რასაკვირველია, შეიძლება ვივარაუდოთ რა განცხადებებზე, რა ღონისძიებებზეა საუბარი, მაგრამ ვიმედოვნებ, იქნებ გონს მოეგო ევროკავშირის ელჩი და მიღებული ინსტრუქციის თანახმად, რაღაც გარკვეულ თემებს განიხილავს, რომელიც ეხება საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას და ქვეყნის გადარჩენას, თუმცა ეჭვი მაქვს რომ ამ თემასთან დაკავშირებით არანაირი პოზიტიური დამოკიდებულება ჰერჩინსკის არ გააჩნია, ვინაიდან ინსტრუქცია აქვს სხვა, ხოლო ინსტრუქციის მიმცემის მიმართ ევროპის სასამართლოს სერიოზული პრეტენზიები გააჩნია. ეს არის სქემა, რომელსაც ჩვენ ვუყურებთ. ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს. ევროპის სივრცეში სერიოზული დაძაბულობა, მათ შორის, იმ ადამიანის მიმართ, ვინც ინსტრუქციებს აძლევს ჰერჩინსკის“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები