დავით უსუფაშვილი: ჩვენ ვართ შეშფოთებულნი, რადგან კონფლიქტი მიმდინარეობს საქართველოსთვის ორ მოძმე ერს შორის

ჩვენ ვართ შეშფოთებული, რადგან შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარეობს საქართველოსთვის ორ მოძმე ერს შორის, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს.
”მინდა თქვენი სახელით შეშფოთება გამოვთქვა იმაზე, რაც ჩვენს უშუალო სამეზობლოში ხდება. სამწუხაროდ, იცით, რომ არის მსხვერპლი. ჩვენ ვართ შეშფოთებულნი, რათა შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარეობს საქართველოსთვის ორ მოძმე ერს შორის. ჩვენი პოზიცია იყო და არის ურყევი – ჩვენ გვინდა მშვიდობა კავკასიაში, ჩვენს ქვეყანაში, უშუალო სამეზობლოში და გვინდა ხელი შევუწყოთ ყველა პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარებას. ამიტომ მივესალმებით საერთაშორისო საზოგადოების აქტიურობას ამ პროცესში. გვაქვს ჩვენი მოძმე აზერბაიჯანელი, სომეხი ხალხის ლიდერების კეთილგონიერების იმედი”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა, შესაბამისი უწყებები, ყოველდღიურ რეჟიმში არიან ჩართულები შესაბამის პროცესებში, კონტაქტში არიან შესაბამის თანამდებობის პირებთან.
”ეს არის აუცილებელი საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ჩვენს სამეზობლოში მშვიდობის შესანარჩუნებლად. ამ საკითხზე ყველა ერთ პოზიციაზე ვართ და ასე იქნება მომავალშიც”, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები