ნუკრი ქანთარია: ყველა თავისი ბარგი-ბარხანით გაუდგება გზას

„ყველა თავისი ბარგი-ბარხანით გაუდგება გზას“ – ასე ეხმაურება მმართველი გუნდის დეპუტატი ნუკრი ქანთარია საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის თაობაზე “რესპუბლიკელების” გადაწყვეტილებას.
ქანთარიას განცხადებით, კოალიციამ შეიძლება დროთა განმავლობაში თავისი თავი ამოწუროს. მისივე თქმით, ხელოვნურად არაფრის შენარჩუნება არ ღირს.
“პარლამენტში სულ 12 პლენარული სხდომა დარჩა ჩასატარებელი. ვფიქრობ, ამ სხდომებს გავწევთ ერთიანი, უმრავლესობის რეჟიმში, თუმცა თვალშისაცემი იქნება განსხვავებები და საზოგადოება ამას დაინახავს. ხელოვნურად არაფრის შენარჩუნება არ ღირს. ბუნებრივი და ორგანულია ეს ყველაფერი. არაფერი არ არის იმაში დრამატული, რომ კოალიცია ამოწურავს ნელ-ნელა თავის თავს და ყველა თავისი ბარგი-ბარხანით გაუდგება გზას, თუმცა საზოგადოებისთვის უფრო ადვილი იქნება არჩევანის გაკეთება”, – განაცხადა ქანთარიამ.
დეპუტატის განმარტებით, “რესპუბლიკელებმა” თანამდებობები ჯერჯერობით უნდა შეინარჩუნონ.
“ვფიქრობ, უნდა შეინარჩუნონ მათ თანამდებობები, მაგრამ დანარჩენს, ალბათ, პრემიერი გადაწყვეტს. არ მიმაჩნია, რომ დღეს მათ თანამდებობები უნდა დატოვონ. შევხედავთ, რა სტილს აირჩევენ ისინი. შეინარჩუნებენ თუ არა იმ პასუხისმგებლობას, რა პასუხისმგებლობითაც მოვედით ჩვენ და, აქედან გამომდინარე, გადაწყდება უკვე ეს საკითხი,” – განმარტა მმართველი გუნდის დეპუტატმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ შექმნის უხერხულობას, რომ პარლამენტში თავმჯდომარე „რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენელი იქნება, ქანთარიას თქმით, დავით უსუფაშვილი ვიწროპარტიულ ინტერესებს არ გაატარებს.
„ჩვენ დავით უსუფაშვილი არ აგვირჩევია „რესპუბლიკელების” კვოტიდან გამომდინარე. ავირჩიეთ მისი თვისებებიდან გამომდინარე. არ მგონია, რომ მან ახლა, ამ დარჩენილ დროში დაიწყოს ვიწროპარტიული ინტერესების გატარება. თუ ეს ტენდენცია შეინიშნება, სხვა გადაწყვეტილებას მივიღებთ – როგორც ავირჩიეთ, ისე გადავირჩევთ, მაგრამ არ მგონია, რომ საქმე აქამდე მივიდეს. ამას ვამბობ ხაზგასმით,” – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები