ნიკა მელია: 29 მაისს სასამართლო პროცესზე გამოცხადებას არ ვაპირებ
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია აცხადებს, რომ 29 მაისს სასამართლო პროცესზე გამოცხადებას არ აპირებს.
მისი თქმით, სხდომაზე მისი ადვოკატი იქნება წარმოდგენილი.
„ჩემი პროცესი არის 29 მაისს, მივიღე გადაწყვეტილება, რომ 29-ში არ მივალ სასამართლოში. რატომ? ხალხის პატივსაცემად. დღეს, რასაც ვუყურებდი, როგორ ექცეოდნენ ქალებს, ბავშვებს, არ მინდა ეს განმეორდეს. დარწმუნებული ვარ, ზურას ეს რომ სცოდნოდა, ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებდა. ადგილზე იქნება წარმომადგენელი – ადვოკატი.
არ ვაპირებ პატიმრობისთვის მომზადებას – ვაპირებ ცხოვრების მაღალი ტემპით გაგრძელებას, შეხვედრებს“,- განაცხადა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ნიკა მელიას 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, რომლის გადახდის ვადა 29 მაისს იწურება.