ჟოზეფ დოლი – მინდა ვუთხრა ქართველებს, ვიზალიბერალიზაცია გექნებათ
„ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტის ჟოზეფ დოლის განცხადებით, საქართველო აუცილებლად მიიღებს ვიზალიბერალიზაციას, მაგრამ შეიძლება ეს დროში გაიწელოს. აღნიშნული განცხადება მან მატროსოვის ციხიდან გამოსვლისას გააკეთა, სადაც მან “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები, ვანო მერაბიშვილი, ბაჩო ახალაია და გიგი უგულავა მოინახულა.
მისივე განმარტებით, ვიზალიბერალიზაციის პროცესში არსებობს გარკვეული პროცედურა, რომელიც გრძელდება, თუმცა, თუ როდის მოხდება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის ამოქმედება, 15 ივნისს თუ წლის ბოლოს, არ იცის.
“ეს არის ევროპული პროცედურა. მინდა ვუთხრა ქართველებს, საქართველოს მოქალაქეებს – ვიზალიბერალიზაცია გექნებათ, მაგრამ შეიძლება ეს დროში გაიწელოს. მოგეხსენებათ, ევროპაში დღეს არის ტერორიზმის საკითხი, ბევრი საკითხი, რომელიც ევროპას აწუხებს”, – განაცხადა ჯოზეფ დოლიმ.
რაც შეეხება მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას, „ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას შეუძლია კრიტიკოსებს პასუხი გასცეს.
“ეს არის პოლიტიკა, მე მაკრიტიკებენ, მაგრამ შემიძლია გავცე პასუხი. მინდა, რომ საქართველო სამართლებრივი, თავისუფალი და ევროპული სახელმწიფო იყოს, ეს არ დამავიწყდება და ერთიც უნდა ვთქვა – მე გავაგრძელებ მუშაობას “ნაციონალურ მოძრაობასთან,” რომელიც იცავს ამ სამ ადამიანს და იმ ევროპულ მომავალს, რომელიც საქართველოს აქვს”, – განაცხადა ჯოზეფ დოლიმ.