ზვიად კვაჭანტირაძე: „ნაციონალების“ მიერ დაგეგმილი ავანტიურა ჩავარდა
„ნაციონალების“ მიერ დაგეგმილი ავანტიურა, – „ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარე“ ჟოზეფ დოული შეეყვანათ შეცდომაში და მისი სახელით დაეშანტაჟებინათ ქართველი ამომრჩეველი – ჩავარდა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
კვაჭანტირაძის თქმით, საქართველოს ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს „ევროპის სახალხო პარტიაში“, ისევე, როგორც ამ ოჯახის წევრ სხვა პარტიებში და მათ შორის არიან ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირები, ევროდეპუტატები.
დეპუტატის მტკიცებით, ევროპარლამენტარები აღნიშნავენ ხელისუფლების და ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს ასოცირების შეთანხმების შესრულებასა და ევროინტეგრაციულ პროცესებში.
მისივე თქმით, მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის უახლოეს მომავალში დაწესებას.
„ეს „ნაცების“ მიერ გაკეთებულ პირველივე კომენტარებში აშკარა გახდა და დღეს უკვე ოფიციალურ შეხვედრებზე სტუმარმა აღარ გაიმეორა ის კონკრეტული ფორმულირება, რაც მან ადრე წაიკითხა „რუსთავი 2“-ის ეთერში და რაც ჩვენ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმაც კი უმკაცრესად გავაპროტესტეთ.
ხაზგასმით უნდა გავიმეორო, რომ საქართველოს (და არა მხოლოდ „ნაცმოს“) ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს „ევროპის სახალხო პარტიაში“, ისევე, როგორც ამ ოჯახის წევრ სხვა პარტიებში და მათ შორის არიან ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირები და ევროდეპუტატები. ისინი აღნიშნავენ ჩვენი ხელისუფლების და ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს ასოცირების შეთანხმების შესრულებასა და ევროინტეგრაციულ პროცესებში და მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის უახლოეს მომავალში დაწესებას. მოვუწოდებ რეაქციონერებს „ნაციონალური მოძრაობიდან“ მომავალში აღარასოდეს იკადრონ და ბოროტად აღარ გამოიყენონ ევროპის სახალხო პარტიის დამსახურებულად მაღალი ავტორიტეტი და მისი წარმომადგენლების ნდობა საკუთარი ავანტიურისტული მიზნების მისაღწევად. ყველამ კარგად დაინახა, რომ ისევ თავი შეირცხვინეთ ჩვენი ევროპელი კოლეგების წინაშე, თორემ ქვეყნის შიგნით საკუთარ ავტორიტეტზე ისედაც კარგად უწყით”,-წერს კვაჭანტირაძე.