„ეტიუდების ფესტივალი“ მარჯანიშვილის თეატრში
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და მარჯანიშვილის თეატრი ერთად აღნიშნავენ თეატრის საერთაშორისო დღეს – 27 მარტს. უკვე მეექვსე წელია, მარჯანიშვილის თეატრი „ეტიუდების ფესტივალს“ მასპინძლობს. 27 მარტს, 18 საათზე – თეატრალური უნივერსიტეტის I, II და III კურსის სამსახიობო და სარეჟისორო სპეციალობის სტუდენტები მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე წარმოადგენენ ეტიუდებს, რომელთა ხანგრძლივობა არ აღემატება 7 წუთს და გამოყენებული განათება, ხმა და დეკორაცია მინიმუმამდეა დაყვანილი. საკონკურსო პროგრამის შემდეგ კომპეტენტური ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს, რომლებსაც თეატრალური უნივერსიტეტი და მარჯანიშვილის თეატრი ფულად ჯილდოებს გადასცემს. ფულადი პრემიების გარდა, მომავალ თეატრალებს გადაეცემათ წამახალისებელი პრიზები ფესტივალის მხარდამჭერი კომპანიებისგან: „ელიტ ელექტრონიქსი“, პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ისი-პარი“ და სავაჭრო სახლი „გოლეთიანი“. დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ, ფესტივალი გალერეა “იტალიანაში“ გადაინაცვლებს. ფესტივალის პარალელურად, მარჯანიშვილის თეატრის ფოიეში მოეწყობა თეატრალური უნივერსიტეტის გამომცემლობა „კენტავრის“ მიერ გამოცემული წიგნების გამოფენა. ფესტივალის ორგანიზატორია უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი თემო კუპრავა გახლავთ. ფესტივალის მიზანია, თეატრის საერთაშორისო დღის აღნიშვნა, სტუდენტებში პროფესიული მოტივაციის ამაღლება, შემოქმედების პოპულარიზაცია და ამით მათი წახალისება. ასევე, ახალი სახეების აღმოჩენა და ტალანტების გამოვლენა.