“გიორგი პაპუაშვილს მემწვანილის ცოლი ემუქრებოდა” – რისი “გადაფარვა სურდა” საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს

სულ რაღაც ორი კვირის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა სკანდალური განცხადება გააკეთა. პაპუაშვილის თქმით, მისი ოჯახის წევრებს ემუქრებიან, – ამის შესახებ გაზეთი “პრაიმტაიმი” წერს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა საქმე აღძრეს და გამოძიება დაიწყეს. დაიკითხნენ პაპუაშვილი და მისი მეუღლე, თეა ხოფერია, რომლის ტელეფონზეც მუქარანარევი ზარი განხორციელდა.
“პრაიმტაიმის” ინფორმაციით, პირი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ოჯახის წევრს ემუქრებოდა, მემწვანილის ცოლია, რომელიც მათ ეზოში მწვანილსა და ბოსტნეულს ყიდის. ამ თემაზე საუბრის სურვილი არ მაქვს, უკაცრავად… ეს ამბავი მე არ გამიხმაურებია, – ამის შესახებ პაპუაშვილის მეუღლემ “პრაიმტაიმთან” საუბრისას განაცხადა.
როგორც თეა ხოფერია აცხადებს, სამართალდამცავებს თვითონვე მოუყვა საქმის შესახებ და გამოძიების მსვლელობითა და დასკვნით კმაყოფილია.
“ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ის არის, რომ გამოძიებასთან ვთანამშრომლობდი. მე თვითონ მოვუყევი ყველაფერი დაწვრილებით, არ ვყოფილვარ ჩასაფრებულის პოზიციით, რამდენჯერმე მივედი. უკმაყოფილო არ ვარ არც გამოძიების მსვლელობით და არც დასკვნით… სანამ სამართალდამცავებთან დავრეკავდი, მანამდე რამდენიმე საათი მე თვითონ ვამოწმებდი, შემთხვევითი ხომ არ იყო ეს ზარი… მერე, სამართალდამცავები რომ გამოვიძახე, რამდენიმე კვირა სკურპულოზურად მიმდინარეობდა გამოძიება. ბევრი დეტალი არ იცოდნენ და მე ვეხმარებოდი, მე თვითონ ვთავაზობდი ვერსიებს… ეჭვებს ვუზიარებდი. ერთს კი გეტყვით, რაც არ უნდა შემთხვევითობა იყოს, შემდეგშიც რომ განმეორდეს მსგავსი რამ, მიუხედავად იმისა, რომ სულაც არ არის სასიამოვნო დაკითხვებზე ხშირი სიარული, მაინც ყოველ ჯერზე განვაცხადებ ამის შესახებ, არ დამეზარება”, – განაცხადა ხოფერიამ.
როგორც გაზეთი წერს, მისთვის “ექსკლუზიურად ცნობილი ხდება იმ ხმაურიანი ინციდენტების შესახებ, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს უკავშირდება.”
“ახალგაზრდა ადვოკატების” ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის თქმით, პაპუაშვილის წინააღმდეგ მაკომპრომეტირებელი მასალა არსებობს, თუმცა ის უკანონოდ არ არის მოპოვებული.
როგორც არჩილ კაიკაციშვილი “პრაიმტაიმთან” საუბრისას აცხადებს, პაპუაშვილის განცხადება, რომელიც მის წინააღმდეგ კომპრომატს ეხება, ხელისუფლების მიმართ არამართლზომიერ ბრალდებას წარმოადგენს.
“გიორგი პაპუაშვილის მხრიდან სატელევიზიო ეთერში გაკეთებული განცხადება, თითქოსდა ხელისუფლებას მის მიმართ აქვს გარკვეული სახის კომპრომატი, წარმოადგენს ხელისუფლების მიმართ არამართლზომიერ ბრალდებას, რადგან პაპუაშვილმა ვერ მოიყვანა ვერანაირი მტკიცებულება. პირველ შემთხვევაში მან განაცხადა, რომ თითქოს მის წინააღმდეგ კომპრომატის გამოქვეყნებას აპირებდა თეა წულუკიანი, რამაც საზოგადოებისა და მედიის დიდი ინტერესი გამოიწვია. ამის შემდეგ ის იძულებული გახდა, რომ დაეკონრეტებინა, რომ ეს კომპრომატი არ ეხებოდა მისი ინტიმური ცხოვრების დეტალებს და, სავარაუდოდ, ადგილი უნდა ჰქონოდა მის მთვრალ მდგომარეობაში ყოფნას, როდესაც მოსამართლისთვის შეუფერებელი ქმედებით გამოირჩეოდა. პაპუაშვილმა შეგნებულად მოაწყო ეს აჟიოტაჟი, რადგან ხელისუფლებაზე მიეტანა შეტევა. ამ დემარშს მოჰყვა ვენეციის კომისიის განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ თითქოს იუსტიციის მინისტრი და მთავრობა დევნის გიორგი პაპუაშვილს. სინამდვილეში კი გიორგი პაპუაშვილმა ამ ხმამაღალი განცხადებებით გადაფარა მის მიმართ ის სამართლებრივი პრეტენზიები, რომელიც სამთავრობო კომისიაზე დაისვა. ის, რომ პაპუაშვილის მიმართ არსებობს რაიმე არაკანონიერი გზით მოპოვებული მაკომპრომეტირებელი მასალა, არის აბსოლუტური სიცრუე. ჩვენ დავსვით შეკითხვა გიორგი პაპუაშვილის მისამართით. კერძოდ, როცა ის ამბობდა, რომ არსებობს მასალა, სადაც ის არაფხიზელ მდგომარეობაშია, ხომ არ გულისხმობდა გიორგი პაპუაშვილი იმ შემთხვევას, როცა მას 2012 წლის სექტემბერში დაპირისპირება მოუვიდა საქართველოს პოლიციასთან. ეს არის ფაქტი, როდესაც გიორგი პაპუაშვილს წინასაარჩევნო პერიოდში თბილისში, ბესიკის ქუჩაზე მოუვიდა მნიშვნელოვანი დაპირისპირება საპატრულო პოლიციის ეკიპაჟთან, საკონსტიტუციო სასამართლოს მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა თავმჯდომარემ აგინა პოლიციელებს, უშვერი სიტყვებით მოიხსენია ისინი და დაადანაშაულა “ქართული ოცნების” მხარდაჭერაში. ამ ეკიპაჟმა ამოიცნო გიორგი პაპუაშვილი. მისი დაკავება იმუნიტეტის გამო ვერ მოხდა.
ჩემთვის ცნობილია ისიც, რომ მომდევნო დღეებში ეს ეკიპაჟი, რომელმაც დედის გინება მოუთმინა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ქალაქის პოლიციის იმჟამინდელმა ხელმძღვანელობამ, კერძოდ, ბატონმა გრიგალაშვილმა, 300 ლარიანი პრემიებით წაახალისა. ჩვენ ამ დრომდე არ მიგვიღია აღნიშნულ კითხვაზე პასუხი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მას, გასცეს ამ შეკითხვას პასუხი”, – აღნიშნა კაიკაციშვილმა “პრაიმტაიმთან” საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები