დენის სალუქვაძემ შუახევის მუნიციპალიტეტში სამინისტროს პროგრამის „საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის” ფარგლებში დაფინანსებული ვაზისა და კაკლის ბაღები დაათვალიერა
აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა, დენის სალუქვაძემ შუახევის მუნიციპალიტეტში სამინისტროს პროგრამის „საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის” ფარგლებში დაფინანსებული ვაზისა და კაკლის ბაღები დაათვალიერა. ასევე, მოინახულა საფუტკრე მეურნეობა. არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. ინფორმაციას აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მინისტრი ფერმერებს შეხვდა და მათთან სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელობაზე, სახელმწიფო მხარდაჭერის მექანიზმებზე, ფერმერთა გაძლიერების აუცილებლობასა და დარგის განვითარების ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა.
„აჭარის რეგიონი თავისი უნიკალური კლიმატური პირობებითა და ბუნებრივი რესურსებით მნიშვნელოვან პოტენციალს ფლობს მეხილეობის, მევენახეობის და მეფუტკრეობის განვითარების მიმართულებით. ამ პოტენციალის სრულად ათვისებისთვის აუცილებელია თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, ცოდნის გაღრმავება და ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა”, – განაცხადა დენის სალუქვაძემ.
შეხვედრის მიზანი იყო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების შედეგების ადგილზე გაცნობა, ფერმერებთან უშუალო კომუნიკაცია, მათი საჭიროებებისა და გამოწვევების მოსმენა, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით არსებული და სამომავლოდ დაგეგმილი სახელმწიფო მხარდაჭერის ღონისძიებების განხილვა.
მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილეები: გიორგი ფანცხავა, არჩილ ბერიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე და სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვითი დეპარტამენტის თანამშრომლები.