„ჯვრის მონასტერზე წარწერილი „ალაჰ აკბარ“ ისლამური რადიკალიზმის გამოვლინებაა“

გასულ კვირას ჯვრის მონასტერზე არაბულად „ალაჰ აკბარ“ დააწერეს. როგორც გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას აღმოსავლეთმცოდნე გიორგი სანიკიძემ განაცხადა, მართმადიდებლური ტაძრის კედელზე წარწერილი – „ალაჰ აკბარ“ შესაძლოა, ისლამური რადიკალიზმის გამოვლინებაც იყოს.
ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტით გამოძიება აუცილებლად უნდა დაინტერესდეს. მისივე ინფორმაციით, საქართველოში ქრისტიანული ეკლესიის კედელზე ჯერ არასდროს დაუწერიათ.
გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში კი ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ბადრი ნაჭყებია არ გამორიცხავს, რომ ჯვრის მონასტერზე წარწერილი „ალაჰ აკბარ“ რელიგიური ექსტრემიზმის გამოვლინებაა.
„ჩეწმი აზრით, ვინც ეს დაწერა, გაჟღენთილია რელიგიური ექსტრემიზმის იდეით, ტოლერანტობის მიუღებლობით და ცინიზმით.
ჩემი აზრით, ეს არის რელიგიური ექსტრემიზმის გამოვლინების კლასიკური მაგალითი. ჯვრის მონასტრის კედელზე ამ წარწერების გაჩენაც იმას მიანიშნებს, რომ ვიღაცა ჩვენი რელიგიის დაკნინებას ცდილობს“,-აცხადებს ნაჭყებია.
საქართველოს მუფთი ბეგლარ ქამაშიძე აღნიშნულ ფაქტს ვანდალიზმს უწოდებს და განმარტავს, რომ ჭეშმარიტი ისლამი ძალადობას არ ქადაგებს.
„ცხადია, ეს ვანდალიზმია და არცერთ რელიგიას არ აქვს უფლება, სხვა რელიგიურ აღმსარებლობას შეურაცხყოფა მიაყენოს. ჭეშმარიტი ისლამი ამას არ ქადაგებს. ისლამი არაბულად „მშვიდობას“ ნიშნავს, რაც ძალადობასთან შეუთავსებელია. ძალით რელიგიას ვერავის მოვახვევთ და ვერ ჩავუნერგავთ“,-დასძინა ბეგლარ ქამაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები