სასმელით ინტოქსიკაციის შედეგად თურქეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა

თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში საქართველოს მოქალაქე დაიღუპა.
როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, ახალგორის რაიონიდან დევნილი დავით გათენაშვილი ტრაპიზონში ალკოჰოლური ინტოქსიკაციით გარდაიცვალა.
„კვირას“ ინფორმაციით, გათენაშვილთან ერთად კიდევ ორი პირი მოიწამლა, თუმცა თურქეთში ექიმებმა მათ სიცოცხლე შეუნარჩუნეს.
როგორც „კვირას“ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა განუცხადა, ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი თურქეთიდან სოფელ წეროვანში დღეს დილით ჩამოასვენეს. მისი თქმით, დავით გათენაშვილს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები დარჩა.
„ამ გაჭირვების გამო, დათო გათენაშვილი პერიოდულად დადიოდა თურქეთში. იქ რას საქმიანობდა, არ ვიცი. დათოს დაღუპვის ამბავი სოფელში გუშინ შევიტყეთ. ამბობენ, რომ რამდენიმე კაცს სასმელი დაულევია და ეს დაიღუპა. ძალიან გაჭირვებულები არიან. სწორედ მათი ეკონომიური პირობების გამო, მუნიციპალიტეტიდან სარიტუალო ხარჯებისათვის 400 ლარი მივეცით. ჩვენ მეტის შესაძლებლობა არ გვაქვს“, – აღნიშნა ნუგზარ თინიკაშვილმა.
ცნობისთვის, 2014 წლის იანვარში, თურქეთში, კუსტარულად დამზადებული ალკოჰოლური სასმელით, საქართველოს 5 მოქალაქე გარდაიცვალა. მაშინ, ალკოჰოლური სასმელით საქართველოს 7 მოქალაქე მოიწამლა, რომელთაგან 5 დაიღუპა.
კიდევ ერთი ანალოგიური ფაქტი თურქეთში, 2012 წლის მაისში მოხდა. რა დროსაც ალკოჰოლური სასმელით მოწამლული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, 30 წლის გურამ გაბუნია საავადმყოფოში დაიღუპა.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები