სალომე ამანათიშვილი – „იქმნება ჩემთვის“

დღეს უკვე წარმატებულმა ქართველმა დიზაინერმა, სალომე ამანათიშვილმა სამხატვრო აკადემიაში, დიზაინის ფაკულტეტზე ჯერ კიდევ მაშინ ჩააბარა, როდესაც ეს პროფესია საქართველოში არცთუ ისე პოპულარული და განვითარებული იყო. სალომეს ბავშვობიდან ძალიან უყვარდა ხატვა და სხვადასხვა სახის დიზაინის ნაკეთობებს ქმნიდა.
10154859_759070577450263_1645805276_n (1)თავდაპირველად, ექიმი დედისა და მეცნიერი მამის ოჯახში გაზრდილი გოგონას გადაწყვეტილება, ნათესავებისა და მეგობრებისთვის  გასაკვირი და უცნაური აღმოჩნდა, რადგან იმ წლებში, ამ სფეროში წარმატების მიღწევა რეალურად მართლაც ძალიან რთული იყო. სალომემ ჩანაფიქრი მაინც განახორციელა. დღესაც დიდი სიყვარულით და პატივისცემით იხსენებს ხატვის მასწავლებელს – ნინო მირიანიშვილს, რომელმაც მის პროფესიულ აღზრდაში ძალიან დიდი როლი ითამაშა.
დამოუკიდებლად პროდუქციის შექმნის სურვილი მეორე კურსზე ყოფნისას გაუჩნდა და საკუთარი სახლის ერთ ოთახში, მყუდრო  სახელოსნო მოაწყო. პირველი ნაბიჯები კი ჩანთების შექმნით დაიწყო. ქართული მოდის სფეროში მაშინ ჩანთების ხაზის მიმართულება ფაქტობრივად აუთვისებელი იყო.  განსხვავებული და საინტერესო პროდუქციის შექმნა მთელ რიგ სირთულეებს უკავშირდებოდა.  თუმცა სალომემ ეს საკმაოდ კარგად შეძლო და  დღეს საქართველოს გარდა, მისი ბრენდი ყაზახეთში, მოსკოვსა და უკრაინაში იყიდება. შემოდგომიდან კი დიზაინერის კოლექცია პარიზის მოდის ბაზარზეც გავა.
10148531_759070537450267_363563115_o“ძალიან დიდ დროს, ემოციას, ოცნებას, ერთი სიტყვით, სულსა და გულს ვდებდი ამ ყველაფერში და ახლაც ასეა.  ნელ-ნელა გავფართოვდი.  პირველი ოფისი ამერიკის საელჩოსთან ვიქირავე. იქ საკმაოდ დიდხანს ვიყავი. ჩემი ჩანთების მომხმარებლები მალე მომრავლდნენ, როგორც იტყვიან, აგურს აგურზე ვდებდი… შემდეგ, ეტაპობრივად, სამოსის და ფეხსაცმლის შექმნაც დავიწყე, ასევე ვქმნი აქსესუარებსაც,“ – ამბობს პოპულარული დიზაინერი.
განსაკუთრებული ემოციით დიპლომატების ელჩების მეუღლეებისთვის გამართულ საღამოზე მისი ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვის დღეს იხსენებს, როდესაც დამწყებმა დიზაინერმა  ძალიან ბევრი ქათინაური მიიღო და მისი ნაკეთობების უმრავლესობა გაიყიდა.
1485013_759070587450262_1007128443_nსალომეს მიერ შექმნილ პროდუქციაში ძირითადად ნატურალური, უმაღლესი ხარისხის ტყავის ფაქტურა ჭარბობს. დიზაინერი ფიქრობს, რომ ყველაზე პროდუქტიული ის სწორედ  საქართველოშია, რადგან მისი შთაგონების წყარო ქართული გარემოა.
ბედნიერებას ქუჩაში მის სამოსსა და აქსესუარებში გამოწყობილი ქალბატონების ხილვა ანიჭებს, ყველაზე დიდ ღირებულებად კი თითოეული ესკიზის  ინდივიდუალიზმს მიიჩნევს.
“ქართველი მომხმარებელი ძალიან მომთხოვნი და გემოვნებიანია. მისთვის ხარისხი წინა პლანზეა. არ გაპატიებს არც ერთ დეტალს!
ყველაფერი, რასაც მივაღწიე, ქართველების დამსახურებაა. ახლა უფრო მობილიზებული ვარ,“ – აცხადებს დიზაინერი და იმასაც აღნიშნავს, რომ ქართველების მაღალი გემოვნებით უცხოელი დიზაინერებიც აღფრთოვანებული არიან.
„ვუსმენ მეგობრების, მომხმარებლების აზრს და მას ყოველთვის ვითვალისწინებ… თუ შენი საქმე გიყვარს, ყველაფერი აუცილებლად გამოგივა“,- აცხადებს დიზაინერი.
სალომე ამანათიშვილი დღეს მოდის სახლ – salledemode-ში უამრავ  ემოციას და სიყვარულს აქსოვს – ეს მის ნამუშევრებსაც ეტყობა და ამიტომაც,  მომხმარებლის პატივისცემას იმსახურებს.
საოცრად მოდურ ფეხსაცმელში, სამოსში, ჩანთებსა და აქსესუარებში  საკუთარ ფანტაზიას აცოცხლებს. მოდის სახლში მისულ ყველა სტუმარს მომხიბვლელ, უშუალო და თბილ ღიმილს ახვედრებს. ორიგინალურ პროდუქციას ასეთივე სლოგანი აქვს –  „იქმნება ჩემთვის“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები