ჯემალ დუაძესა და გოგიტა დემეტრაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფერდათ

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯგუფურად თაღლითობის ფაქტზე დაკავებულებს – ჯემალ დუაძესა და გოგიტა დემეტრაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.
გამოძიების მასალების თანახმად, ჯემალ დუაძემ გადაწყვიტა, მოტყუებით დაუფლებოდა საქართველოს მოქალაქე ბეჟან დ-ს კუთვნილ ფულად თანხას, რა მიზნითაც 2015 წლის ზაფხულში ბეჟან დ-სთან, ანტიკორუფციული სააგენტოს სახელით, მიაგზავნა გამოძიებით დაუდგენელი პირი, რომელიც ბეჟან დ-ს გაეცნო დავით გიორგაძის გვარ-სახელით და განუცხადა, რომ მას თითქოსდა პრობლემები ჰქონდა ანტიკორუფციულ სააგენტოში, მის მიმართ დაწყებული იყო გამოძიება და საქმის მოგვარების სანაცვლოდ 50 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა.
პარალელურად, ჯემალ დუაძე დაჟინებით ურჩევდა ბეჟან დ-ს მოთხოვნილი თანხის გადახდას, რომელიც, მისი განმარტებით, შემცირდა 30 000 აშშ დოლარამდე. აღნიშნული თანხის დაუფლების მიზნით, ჯემალ დუაძე ასევე დაუკავშირდა ბეჟან დ-ს შვილიშვილს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს ბექა დ-ს, რომელსაც აუხსნა საქმის ვითარება და საკითხის მოგვარების სანაცვლოდ მასაც 30 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა.
2016 წლის 20 მარტს ჯემალ დუაძემ მის მიერ მოთხოვნილი 30 000 აშშ დოლარის თითქოსდა, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებისათვის გადაცემისა და საკითხის საბოლოოდ მოგვარების მიზნით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს ბექა დ-ს საქართველოში ჩამოსვლა და მასთან შეხვედრა მოსთხოვა. თავისი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ჯემალ დუაძე დაუკავშირდა ნაცნობს, თაღლითობისთვის წარსულში ნასამართლევ გოგიტა დემეტრაშვილს, რომელსაც გაუმხილა თავისი ჩანაფიქრი და ერთად დაგეგმეს ბექა დ-სთვის მოტყუებით, თაღლითური გზით ზემოაღნიშნული თანხის გამორთმევა. გამოძიება ჯგუფურად თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე ითვალისწინებს). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები