“საუბარი იმაზე, რომ პროკურატურამ “მასტერა” ფარული ჩანაწერების საქმეზე ჩამოიყვანა, არასერიოზულია”

იმაზე საუბარი არასერიოზულია, რომ პროკურატურამ “მასტერა” ჩამოიყვანა ფარული ჩანაწერების საქმესთან დაკავშირებით, – ამის შესახებ მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
“იმაზე საუბარი არასერიოზულია, რომ პროკურატურამ “მასტერა” ჩამოიყვანა ფარული ჩანაწერების საქმესთან დაკავშირებით, ჰოლანდიაში ვინახავდით “მასტერას” და როცა დაგვჭირდა, მაშინ დავსვით თვითმფრინავზე, ეს ხომ არასერიოზულია”, – განაცხადა გიორგი გოგაძემ.
გოგაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პროკურატურა ჰოლანდიიდან ექსტრადირებულ გიორგი დგებუაძეს ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით საქმეზე დაჰკითხავს.
“ძალიან ძნელია, ვინმე გამორიცხო ან ჩართო იმ სიაში, ვისაც შეიძლება ამ საქმესთან კავშირი ჰქონდეს. თუმცა, პროკურატურა ყველა შესაძლო მიმართულებით მუშაობს და ამიტომ წინასწარ რაიმეს გამორიცხვა ან დაკონკრეტება არასწორი იქნება”, – განაცხადა გიორგი გოგაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურის მოთხოვნით, განზრახ მკვლელობისთვის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ბრალდებულის, გიორგი დგებუაძის, იგივე “მასტერას”, ნიდერლანდების სამეფოდან საქართველოში ექსტრადირება გვიან ღამით განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები