რატომ ეწინააღმდეგებოდა კახა კახიშვილი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების განადგურებას
2013 წელს ფარული ჩანაწერების საკითხზე მომუშავე დროებითი სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით, ძველი ხელისუფლების პირობებში გადაღებული პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები განადგურდა. მაშინ კახა კახიშვილი,რომელიც კომისიის წევრი იყო, ამას ეწინააღმდეგებოდა. მისი მთავარი არგუმენტი გახლდათ ის, რომ დაუშვებელი იყო იმ ნივთმტკიცებების განადგურება, რომლებიც აუცილებელია სისტემური დანაშაულის გამოსავლენად.
“2013 წელს, როდესაც კომისია იღებდა გადაწყვეტილებას (რომლის წევრიც მეც გახლდით არასამთავრობო ორგანიზაციიდან), უმცირესობაში ვიყავი და ჩემი განსხვავებული აზრი ოფიციალურად დავურთე ოქმს,სადაც პუნქტობრივად ჩამოვაყალიბე მოსაზრება, თუ რატომ არ შეიძლებოდა ამ მასალის განადგურება – ხვალ, ზეგ რომ გამოქვეყნდეს და შემდეგ გაჩნდეს აუცილებლობა და მასალებზე გამოძიების დაწყება, კვალი იქნება წაშლილი -მეთქი. ეს აზრი დღესაც აქტუალურია“, -აცხადებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.
კითხვაზე – თუ მტკიცებულებები განადგურდა, რა შანსი აქვს პროკურატურას, რომ ბოლომდე მიიყვანოს გამოძიება, კახა კახიშვილი ამბობს, რომ მისთვის უცნობია, რა ეტაპზეა გამოძიება.
“რა ვიცი, რა შანსები აქვს და რა ეტაპზეა გამოძიება, მაგრამ მე ვსაუბრობს არა ერთ-ორ ფაილზე, არამედ ბევრზე. ვაცხადებდი, რომ იმ მასალებთან დაკავშირებით, რომლებიც შსს-სა და თავდაცვაში აღმოაჩინეს, უნდა ჩატარებულიყო გამოძიება. ჩემი აზრით, ის მასალა, რაც დახვდა ხელისუფლებას, ზღვაში წვეთია, რადგან მასშტაბები იყო ძალიან დიდი. საერთოდ, როცა რაღაცას იღებ და ფიქრობ, რომ ღირებულია, ინახავ კიდეც. შესაბამისად, ვფიქრობ,რომ მასალები თან წაიღეს. წინა ხელისუფლების დროინდელ სპეცსამსახურებს ის კი არ აინტერესებდათ, ვის რა სექსუალური გემოვნება აქვს, არამედ კადრები უნდა ყოფილიყო, რასაც შანტაჟისთვის გამოიყენებდნენ“, -აცხადებს კახა კახიშვილი.