თეა ახვლედიანი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კაბალის თემის მოსახლეობას შეხვდა
სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კაბალის თემის მოსახლეობას შეხვდა. ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
თეა ახვლედიანმა ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს გაზაფხულის შემოსვლის დღესასწაული – ნოვრუზ ბაირამი და რამაზან ბაირამი მიულოცა. სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და ამოცანებზე; ისაუბრა უწყების მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე, მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და თეა ახვლედიანმა კაბალის თემის მოსახლეობის მოსაზრებები მოისმინა.
„ჩვენი აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობის და მათი ტრადიციების პატივისცემის ნიშნად, ვეწვიეთ სოფელ კაბალს, საიდანაც ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვინც ნოვრუზ ბაირამს აღნიშნავს, დაგვიანებით ვულოცავთ ამ უძველეს და ულამაზეს დღესასწაულს; ასევე, გამოვხატავთ დაფასებას იმ თანაგრძნობის და ღირსეული დამოკიდებულების გამო, რაც ჩვენმა მუსლიმმა თანამოქალაქეებმა გამოავლინეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გლოვის უმძიმეს დღეებში, მათ შორის მათთვის მნიშვნელოვანი ღონისძიებების გაუქმებით. შეხვედრა განსაკუთრებით თბილ ატმოსფეროში წარიმართა, რომლის ფარგლებშიც აღვნიშნეთ, რომ ამგვარი ეროვნული ერთობა ეფუძნება ერთმანეთის თანადგომის, პატივისცემის, ტოლერანტობის იმ ღირებულებებს, რაც ისტორიულად აერთიანებს და მომავალშიც გააძლიერებს ჩვენს ქვეყანას და განამტკიცებს ჩვენს მრავალეთნიკურ საზოგადოებას,” – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
ღონისძიებაზე კაბალის თემის მოსახლეობას სიტყვით მიმართეს პარლამენტის წევრებმა ირაკლი ქადაგიშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ კახა ჯამბურიამ.