მცხეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი – 1987 წელს დაბადებული ბ.ბ. ცხელ კვალზე დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული დუშეთის მუნიციპალიტეტში, ყოფით ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირებისას ფიზიკურად გაუსწორდა 1954 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს.
“მიყენებული დაზიანებების შედეგად, ა.ბ. შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ბ.ბ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,”- წერია ინფორმაციაში.