პაპავას პირადი „ოდეერი“

ლადო პაპავა, მას შემდეგ, რაც თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გახდა, აქტიურად შეუდგა თავისი პოზიციების გამყარებას უნივერსიტეტში და, მისი ინტერესების მაქსიმალურად გატარების უზრუნველყოფის მიზნით, გადაწყვიტა, თავისი სანდო კადრებით დაეკომპლექტებინა უნივერსიტეტი და ასეთ, ყველაზე სანდო კადრად მისი ცოლის ბიძაშვილი მიიჩნია, და იმთავითვე, სწორედ მისი ნათესავის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა გადაწყვიტა.
TVfree-მ სანდო წყაროზე დაყრდნობით მოიპოვა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც პაპავამ მაშინდელ კანცლერს დაავალა, თავის მრჩევლად დაენიშნა ოდიოზური ფიგურა, კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი, კონკრეტულად კი სააკაშვილის შექმნილი ე.წ. ოდეერების უფროსი, პოლკოვნიკი ზურაბ კუბლაშვილი (პავლოვიჩი), რომელიც სატელევიზიო ეთერით შინაგან საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა დაასახელა იგორ გიორგაძის მეგობრად, რომელმაც „გაყიდა“ გიორგაძე. როგორც წყარომ TVfree-ს განუცხადა, აღნიშნულ პიროვნებას, მისი ცოლის ბიძაშვილს, დღესაც ინარჩუნებს და ეყრდნობა ლადო პაპავა.
აღსანიშნავია, რომ პოლკოვნიკი კუბლაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე, კერძოდ, გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილედ მაშინ მუშაობდა, როცა აღნიშნულ დეპარტამენტს ჯერ ვასილ სანოძე, ხოლო შემდეგ თენგიზ გუნავა ხელმძღვანელობდა. ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის მოსვლის შემდეგ პოლკოვნიკი კუბლაშვილი დათხოვნილი იქნა სამსახურიდან. რატომ აფარებს ხელს პაპავა კუდის ყოფილ მაღალჩინოსანს და რა გადაფარა მან “ოდეერის” თემით?!avto-silagadze
მაშინ, როდესაც ლადო პაპავა 1994 წლიდან 2 000 წლამდე შევარდნაძის კორუმპირებული მთავრობის ეკონომიკის მინისტრი იყო, მისი ცოლის ბიძაშვილი, პოლკოვნიკი კუბლაშვილი პაპავას დაქვემდებარებულ უწყებაში ე.წ. „ოდეერის“ როლს ასრულებდა.
კუბლაშვილი ერთადერთი არ არის, რომელიც პაპავას მისი ინტერსების გატარებასა და უნივერსიტეტის ერთპიროვნულ მართვაში ეხმარება.
პაპავას, რომელიც აკადემიურმა საბჭომ აირჩია რექტორად, კარგად ესმის, რომ მისი ბედი ამ საბჭოს ხელთაა და აქედან გამომდინარე, თავიდანვე შეუდგა ამ აკადემიური საბჭოს წევრების უმრავლესობისთვის პრივილეგირებული პირობების შექმნას. ერთ-ერთი ასეთი გავლენიანი პროფესორი, რომელიც პაპავას ნდობით სარგებლობს და შესაბამისად, გვერდით უდგას მას, ავთანდილ სილაგაძეა.
აღსანიშნავია, რომ პროფესორი სილაგაძეც შევარდნაძის მთავრობის წევრი გახლდათ და იმ დროს, როდესაც პაპავა ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელობდა, სილაგაძე საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი იყო. ამ ორ ადამიანს ერთმანეთთან დიდი ხნის ახლო მეგობრობა აკავშირებთ. ეს რომ ასეა, ისიც ადასტურებს, რომ პაპავამ თავის დიდი ხნის მეგობარს, სილაგაძეს, რომელიც სხვათა შორის სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, 3 წლის განმავლობაში, უნივერსიტეტის პრორექტორი იყო, კათედრა შეუქმნა.
სილაგაძე, როგორც TVfree-ს წყარო უყვება, პროფესორ ლევან მეტრეველთან ერთად ერთ-ერთი ცენტრის ხელმძღვანელი იყო. მეტრეველი, აქტიურად იყო ჩართული პაპავას სასარგებლოდ თავის შვილთან, ნიკოლოზთან ერთად იმ პროცესებში, რაც ბოლო პერიოდში უნივერსიტეტში მიმდინარეობდა.
მამა-შვილ ლევან და ნიკოლოზ მეტრეველებზე, რომლებიც თსუ-ს აქციების ორგანიზატორები იყვნენ, ცოტა ხნის წინათ გაზეთი “ვერსია” წერდა.
გამოცემის ინფორმაციით, მამა-შვილი თვითმმართველობისა და კანცლერობის კანდიდატის, გიორგი გაფრინდაშვილის წინააღმდეგ მიმართული აქციების ორგანიზებაში არიან ჩართულები და ჯერ კიდევ თსუ-ს რექტორის საარჩევნო კამპანიის დროს აქტიურობდნენ.
“ნიკა მეტრეველი ჯერ კიდევ ალექსანდრე კვიტაშვილის გადაყენების მოთხოვნით მიმდინარე აქციებზეც ძალიან აქტიურობდა და როცა მიზეზით დავინტერესდით, განგვიმარტეს, რომ მამა – ლევან მეტრეველი, ვლადიმერ პაპავას ახლო მეგობარია. პრინციპში, არაფერია იმაში ცუდი, თუ მეგობარი მეგობარს მხარს დაუჭერს, თუმცა დღეს, უკვე ღიად საუბრობენ, რომ ამ მხარდაჭერის გამო, მათ თსუ-ს მე-8 კორპუსში საკუთარი არასამთავრობო ორგანიზაციისთვის საოფისე ფართი მიიღეს”, – წერს გამოცემა.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ლევან მეტრეველი საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაცია „ევრაზიის ინსტიტუტის“ ყოფილი წევრია.
ლევან და ნიკოლოზ მეტრეველებმა 2013 წელს ჩამოაყალიბეს არასამთავრობო ორგანიზაცია „კომპლექსური განვითარების ცენტრი“, რომლის მიზანია სოციალურ-ეკონომიკურ, საერთაშორისო ურთიერთობების, სახელმწიფო უსაფრთხოების და რელიგიურ საკითხებზე კვლევების ჩატარება, კონფერენციებისა და სემინარების მოწყობა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე, რუსეთის ფედერაციის უმაღლეს სასწავლებლებთან მჭიდრო თანამშრომლობა და სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების ორგანიზება.
“კომპლექსური განვითარების ცენტრი“ აქტიურად თანამშრომლობს საქართველოში რუსული პროპაგანდის და რუსული „რბილი ძალის“ პოლიტიკის კოორდინატორთან, მოსკოვის МГИМО-ს წარმომადგენელთან ნიკოლაი სილაევთან. მისი დაკვეთით აწყობს სემინარებს, კვლევებსა და სხვა მსგავს ღონისძიებებს. “კომპლექსური განვითარების ცენტრს” 2013 წელს ნიკოლაი სილაევის დაკვეთით ჩატარებული აქვს შემდეგი თემატიკის კვლევები: საქართველოს მონაწილეობა სირიის კონფლიქტში; საქართველოში ახალგაზრდობის დამოკიდებულება მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მიმართ; თბილისელების დამოკიდებულება ქალაქ სოჭში ოლიმპიადის გამართვასთან დაკავშირებით და სხვა. 2013 წლის 23-27 აპრილს რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში გაიმართა დიდი სამამულო ომისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფორუმი, რომელშიც ასევე მიწვეულნი იყვნენ დსთ-ს ქვეყნებში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციები”, – აღნიშნულია სტატიაში.

წყარო: http://tvfree.ge

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები