ზურაბიშვილი ფარულ ჩანაწერებზე: არ ვჭამთ ამას და ამ საკენკს არ ავიღებთ

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა დავით ზურაბიშვილმა პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების ფაქტებზე ისაუბრა. როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, თუ ხელისუფლებამ ეს საქმე სასწრაფოდ არ გამოიძია და კონკრეტული დანმაშავეები არ დასაჯა, ხელისუფლება ვერავის დააჯერებს, რომ ან უსუსური არ არის სახელმწიფო, ან თვითონ არ არის ამის მონაწილე.
„მაკომპრომეტირებელი მასალების შეგროვებამ და ამის მეშვეობით დაშანტაჟებამ წინა ხელისუფლების დროს ორგანიზებული ხასიათი მიიღო. ეს ვიდეოები დღეს ხან სად აიტვირთება, ხან ვის დაეგზავნება… ამაზე ჩვენი პასუხისმგებლობაა. თუ ეს სწრაფად გამოძიებული არ იქნა, არ დააკავეს და არ დაისაჯნენ კონკრეტული დამნაშავეები, ჩვენ ვერავის დავარწმუნებთ ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც გარეთ, რომ ან უსუსური არ არის სახელმწიფო, ან თვითონ არ არის ამის მონაწილე.
2012 წლის არჩევნების მერე ხელისუფლების ხელში უამრავი მსგავსი მასალა აღმოჩნდა. გადაღებულია ყოფილი ხელისუფლების წევრებზეც, რადგან წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ერთმანეთზე იღებდნენ მსგავს ვიდეოებს. საუბარია იმაზეც, რომ არსებობს ვიდეოები, რომელიც ცოლ – ქმრის ურთიერთობას ასახავს. ჩვენ ვალდებულნი ვიყავით, ეს უმკაცრესად ყოფილიყო აღკვეთილი“,- აღნიშნა ზურაბიშვილმა.
რაც შეეხება დაანონსებულ ფარულ კადრებს, ზურაბიშვილის განცხადებით, ეს უბრალოდ ბლეფია და ვიდრე რეალურად არსებული მასალა. ზურაბიშვილის თქმით, ფარული ვიდეობის გავრცელების ფაქტზე საზოგადოებამ მაღალი სამოქალაქო კულტურა გამოავლინა.
„არ ვიცი, ვინ რა კადრებს აჩვენებს, მგონია, რომ რაზეც იმ ვიდეოში იყო ლაპარაკი, „ბლეფია“. უფრო მეტად ლაპარაკია, ვიდრე რეალურად არსებული. მთავარი აქ სხვა რამეა, მთავარი ისაა, რომ ვინც ეს ვიდეოები ატვირთა და გაავრცელა, საზოგადოების ასეთ რეაქციას არ ელოდა. საზოგადოების აღშფოთება მიმართული იყო არა ვიდეოში მყოფი პირების, არამედ იმ ადამიანების მიმართ, ვინაც ეს კომპრომატები გამოაქვეყნა. ამით იმაზე მეტი სამოქალაქო კულტურა გამოავლინა ხალხმა, ვიდრე ამის გამავრცელებლები მოელოდნენ. ნუ გვახვევთ თავზე ამ სიბინძურეს, ნუ გვტენით ასეთ რამეებს. არ გვაინტერესებს. ვინ გდიხართ, რომ ასე ცდილობთ ჩვენს „აგდებას“? არ ვჭამთ ამას და ამ საკენკს არ ავიღებთ“,- განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები