რას ყვება ე.წ. სამხრეთ ოსეთის ციხიდან გათავისუფლებული ქართველი

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ციხიდან გათავისუფლებული გელა ილურიძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან “ინტერვიუში მისი დაკავებისა და ციხეში ყოფნის პერიოდს იხსენებს. ილურიძე ამბობს,რომ მარიონეტულმა რეჟიმმა საქართველოს სასარგებლოდ შპიონაჟსა და აგენტობის ბრალდებით 12 წელი მიუსაჯა.
“ახალგორში დავიბადე და გავიზარდე, იქ გაიარა ჩემმა ახალგაზრდობამ. პატარა საზკვების ობიექტიც გავაკეთე, იქ ვარ ჩაწერილი, ჩემი მშობლები ახლაც იქ ცხოვრობენ. ჩემი ცოლ-შვილი თბილისშია. 2015 წლის 21 აპრილს ახალგორში, ჩემი მშობლების სახლში წავედი, რა თქმა უნდა, საბუთიც მქონდა. უცებ თავს დამესხა კბილებამდე შეიარაღებული 10 კაცი და წიყვანეს ცხინვალში. უმძიმესი დღეები გავიარე. 12 წელი მომისაჯეს საქართველოს სასარგებლოდ შპიონაჟისა და აგენტობის ბრალდებით (ადრე ძალოვან სტრუქტურებში ვმუშაობდი, დაცვის პოლიციაში, კაპიტანი ვარ). 10 თვე წინასწარი დაკავების იზოლატორში გამომკეტეს, მითხრეს, მძიმე დანაშაული გაქვს ჩადენილიო. თითებზე შემიერთეს რაღაც, მეუბნებოდნენ, სიმართლის დასადგენი დეტექტორია, ახლა ეს მასალა ექსპერტიზაზე გაიგზავნება და პასუხს დაველოდებითო. მხოლოდ იმას ამბობდნენ, შენი მანქანა ქართულ ტეკზე სათანადოდ არ იჩხრიკებოდაო. სასამართლო პროცესი დახურული იყო, 15 წელი მოითხოვა პროკურორმა, მაშინ ვუთხარი,საბჭოთა კავშირის დროს 15 წელზე მეტი სასჯელი არ იყო, მერე ხვრეტდნენ ხალხს და ბარემ დამხვრიტეთ – მეთქი. მოსამართლემ 12 წელი მომისაჯა. თქვენს მტერს ის განცდა, რაც მე მქონდა… შუქი, წყალი და გათბობა გვქონდა, მშივრებიც არ ვიყავით, თუმცა საშინლად გვექცეოდნენ პროკურორი და გამომძიებელი. გათავისუფლების ამბავი 15 წუთით ადრე მითხრეს… იქ ყველაფერს რუსი წყვეტს. რაც უნდა მოიწადინოს ოსმა ქართველთან შერიგება, ეს რუსის გეგმაში არ შედის. ასე ადვილად არ არის საქმე“, -აცხადებს გელა ილურიძე.
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, ქართულ მხარეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ბოლო 6-7 წლის განმავლობაში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს 14 მოქალაქე გადმოეცა. მათ სანაცვლოდ ქართულმა მხარემ ოსურ მხარეს 4 გათავისუფლებული პირი გადასაცა. პატიმრების გათავისუფლება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან პირდაპირი მოლაპარაკებისა და შეთანხმების შედეგად მოხერხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები