პარლამენტმა უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულე ქალბატონებს უმასპინძლა
პარლამენტში, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით, კომიტეტის თავმჯდომარე თეიმურაზ ჭკუასელი უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულე, წარმატებულ ქალბატონებს შეხვდა. გაიმართა კონფერენცია თემაზე „ქალი და მიგრაცია“.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, თეიმურაზ ჭკუასელმა უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულე ქალბატონებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და საქართველოს წინაშე გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა. მან მადლობა გადაუხადა ასევე აღნიშნული შეხვედრის იდეის ავტორებს: ორგანიზაციის ,,მე დავბრუნდები“ თავმჯდომარეს, ინა ასანიძეს და დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარეს, თამარ ჩიბურდანიძეს.
სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ზაალ სარაჯიშვილმა.
შეხვედრის დასასრულს, ნაჩვენები იქნა თეიმურაზ ჭკუასელისა და ნანა ჯანელიძის მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი “გალობის რაინდები”.
ფილმის ჩვენების შემდეგ, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე წარმატებული ქალბატონებისთვის მიღება გაიმართა. სტუმრებს სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა მიმართა. მან ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს და მის თავმჯდომარეს, თეიმურაზ ჭკუასელს მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზებისთვის.
„ჩვენ, პარლამენტი ვართ ქართველი ხალხის წარმომადგენლები, ანუ თქვენი წარმომადგენლებიც, ამიტომ თქვენთან ყოველი შეხვედრის მოხარულნი ვართ. ვიზიტების დროს, ყოველთვის გვაქვს მცდელობა, შევხვდეთ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც ცხოვრობენ სხვადასხვა ქვეყნებში და ერთმანეთს ვესაუბროთ, გავუზიაროთ ჩვენი მოსაზრებები და ხელი ძალიან მჭიდროდ ჩავჭიდოთ, იმიტომ, რომ სადაც არ უნდა ვიმყოფებოდეთ, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ვართ ჩვენი სამშობლოს წარმომადგენლები, ჩვენი ქვეყნის შვილები და ჩვენი მომავალი, ჩვენი შვილების მომავალი დაკავშირებული გვაქვს საქართველოს მომავალთან“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომელ ქვეყანში იმყოფებიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, პირველ რიგში, მათი მზერა მოპყრობილია საქართველოზე, რადაგან საქართველოს წარმატება ჩვენი საერთო წარმატებაა.
„ამ თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი პირადი მაგალითი, თქვენი პირადი წვლილი ამ საქმეში. სხვადასხვა მიზეზით ხართ უცხოეთში. რა თქმა უნდა, სხვადასხვა გარემოებებმა განიპირობა ის, რომ დღეს თქვენ საქართველოდან შორს, სხვა ქვეყნებში ცხოვრობთ და მოღვაწეობთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, თქვენ მოახერხეთ, იყოთ წარმატებულები, შეძელით იმ უცხო გარემოშიც კი საქმის კარგად კეთება, ოჯახი რჩენაც და კიდევ ძალიან ბევრი სხვა რამის კეთება. მე ვიცი ამის შესახებ, მე მინახავს ეს სხვადასხვა ქვეყნებში ყოფნისას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, გლობალიზაციის ეპოქა ჩვენს იდენტობას საფრთხე კი არ უქმნის, არამედ საშულებას იძლება გავამდიდროთ მსოფლიო ჩვენი კულტურით და ჩვენც შევიძინოთ მნიშვნელოვანი გამოცდილება:
„ამ ძალიან ინტენსიური, ინფორმაციული და სხვა ურთიერთგაცვლის პირობებში ხშირად არის ხოლმე შეშფოთება, ხომ არაფერი გვემუქრება ქართველებს, ვინმე ხომ არ დაგვჩაგრავს, ვინმე ხომ არა დაგვაკარგინებს ჩვენს იდენტობას და ა.შ. მე მგონი, პირიქით არის ეს ამბავი. აი იმ ხალხმა იფიქროს ამაზე,რომ ჩვენ – ქართველებმა ზედმეტი გავლება არ მოვახდინოთ მათზე, იმიტომ, რომ მე არ შემხვედრია ქართველი არცერთ ქვეყანაში, რომელიც არ იყოს უფრო ქართველი და იქით არ ახდენდეს გავლენას თავისი კულტურით, ტრადიციებით, ზნეობით, განათლებით, ჰუმანურობით, ადამიანურობით, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ იმ ერის შვილები, იმ წინაპრებიდან მოვდივართ, რომლებმაც გაუძლეს ყველფერს, თუ კი რაიმე განსაცდელი არსებობდა კაცობრიობის ისტორიაში. ყველაფერს გაუძლეს და მაგრად ვდგავართ დღეს. ამიტომ, ჩვენ ყველაფერს გავუძლებთ, მსოფლიოს გავამდიდრებთ ჩვენი კულტურით და ასევე ჩვენს ქვეყანას გავამდიდრებთ იმით, რასაც კარგს ვნახავთ სხვაგან. აი, ეს ძალიან დიდი მისია აკისრია ყველას, ვინც ჩართულია ქვეყნის ოფიციალურ და არაოფიციალურ, სამთავრობათაშორისო, თუ სახალხო დიპლომატიაში. ამ ფუნქციას ჩვენ წარმატებით შევასრულებთ და პარლამენტი ჩვენს მოკრძალებულ როლს შევიტანათ ამ საკითხში“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულე ქალბატონებს მეტი წარმატებები უსურვა მათ შემდგომ საქმიანობაში. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი, თეიმურაზ ჭკუასელი ინიციატივით გამოვიდა, რომ მსგავსი შეხვედრები ტრადიციული გახდეს და გაიმართოს სახელწოდებით: „გაიზიარე სამშობლო“, რასაც პარლამენტის თავმჯდომარეც დაეთანხმა.