ირმა ჭკადუა: გიორგი რამიშვილისგან ამოიღეს კანონიერად შეძენილი, შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღი, ბატონმა გიორგიმ ცალსახად თქვა, რომ ეს ექსცესი არ უკავშირდება რაიმე სახის პოლიტიკურ პროცესებს

,,ბატონი გიორგისგან ამოღებული იქნა კანონიერად შეძენილი შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღი. ეს არ იყო უკანონოდ შეძენილი იარაღი. ბატონმა გიორგიმ ცალსახად თქვა, რომ ეს ექსცესი არ უკავშირდება რაიმე სახის პოლიტიკურ პროცესებს”, – ამის შესახებ დაკავებული ბიზნესმენის გიორგი რამიშვილის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ განაცხადა.

მისივე თქმით, ისინი ექსპერტიზის დასკვნის მოლოდინში არიან.

„ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას და მოგვიანებით ბრალის დადგენილებას. ვვარაუდობ, რომ ეს იქნება ხვალ, ვინაიდან კანონით გათვალისწინებული ვადები ჯერ ამისთვის არსებობს. რაც შეეხება ბიზნესმენის პოზიციას, ამაზე თავს შევიკავებ იმის გათვალისწინებით, რომ ბატონ გიორგის ჯერ გამოძიებისთვის განმარტება არ მიუცია. რაც ბრალი ოფიციალურად წარედგინება, დააფიქსირებს პოზიციას. ბატონი გიორგისგან ამოღებული იქნა კანონიერად შეძენილი შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღი. ეს არ იყო უკანონოდ შეძენილი იარაღი. ბატონმა გიორგიმ ცალსახად თქვა, რომ ეს ექსცესი არ უკავშირდება რაიმე სახის პოლიტიკურ პროცესებს“, – აღნიშნა ჭკადუამ.

ცნობისთვის, ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის დაკავების შესახებ შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია:
„შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 1967 წელს დაბადებული გ.რ.-ს დაკავების შესახებ. სამართალდამცველებმა, მიმდინარე წლის 6 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამგზავრების ტერმინალში, გ.რ.-ს ხელბარგის სკანერით შემოწმებისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები ამოიღეს. დადგინდა, რომ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებულია გ.რ.-ს სახელზე, თუმცა აღნიშნულ პიროვნებას ტარების უფლება არ ჰქონდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები