არჩილ გამზარდია: ილიაუნიში შემოსავლებს „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი მიზნებისთვის იყენებს

„ამ სემესტრში არანაირი შემოთავაზება აღარ მაქვს, ხელშეკრულება აღარ არსებობს და 9-წლიანი მუშაობის შემდეგ ლექციებს აღარ ვკითხულობ“, – აცხადებს ილიას უნივერსიტეტის უკვე ყოფილი ლექტორი და ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია.
როგორც არჩილ გამზარდია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, მის მსგავსად, ხელშეკრულება სხვა ლექტორებსაც შეუწყვიტეს. მისი თქმით, ილიას უნივერსიტეტში 2015 წლიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. არჩილ გამზარდია ამბობს, რომ უნივერსიტეტში ლექტორებს საათებს პოლიტიკური ნიშნით უნაწილებენ. მისი თქმით, სასწავლო დაწესებულებაში განსაკუთრებული უპირატესობით კახეთის ყოფილი გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი სარგებლობს, რომელიც ადმინისტრაციულ საკითხებსაც კი წყეტს. როგორც გამოცემასთან პოლიტოლოგი აცხადებს, იგი სწორედ ამის გამო, ზურაბ ჭიაბერაშვილს იუმორით „უნივერსიტეტის დე ფაქტო ლექტორს“ მოიხსენიებს.
„2015 წლიდან მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა. იურიდიული სკოლის დეკანი, 10- წლიანი ხელშეკრულების მიუხედავად, სამსახურიდან გაუშვეს. სხვა ბევრი მაგალითის მოყვანა შემიძლია. ილიას უნივერსიტეტში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები მომრავლდნენ: გოკა გაბაშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გიორგი ვაშაძე და სხვები უნივერსიტეტს ლექციებს უკითხავენ. მათგან ყველაზე აქტიური ზურაბ ჭიაბერაშვილია, რომელიც პრაქტიკულად უნივერსიტეტს მართავს. ხარისხის სამსახურში ერევა და პირადად წყვეტს, ვინ რამდენი სამუშაო საათი უნდა იმუშაოს, ვინ უნდა მოიწვიოს და ვინ უნდა – გააგდოს. პირადად ჩემ მიმართ სიტუაცია შემოდგომიდან შეიცვალა მხოლოდ იმიტომ, რომ იმ დროისათვის „ჯი-დი-ეს“ – ზე გადაცემა – 20/30 მიმყავდა. სანდო ინფორმატორისაგან ვიცი ჭიაბერაშვილის ნათქვამი: ადამიანი, რომელიც ივანიშვილთან მუშაობს, აქ არ დამანახოთო“, – აცხადებს არჩილ გამზარდია.
მისივე თქმით, ილიას სახელობის უნივერსიტეტში შემოსულ თანხებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები განკარგავენ.
„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შემოსავლებს „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი მიზნებისთვის იყენებს და ამისათვის სულაც არაა აუცილებელი, ეს ფული ვიღაცის ჯიბეში ჩაიდოს. შესაძლებელია, სხვა ინტერესით მოიხმაროს“, – აცხადებს არჩილ გამზარდია.
მისივე ინფორმაციით, უნივერსიტეტში მის წინააღმდეგ მონიტორინგი ჩაატარეს, თუმცა გამზარდიას წინააღმდეგ ვერანაირი ფაქტი ვერ ნახეს. მაგრამ უნივერსიტეტიდან გაშვების შესახებ სხვადასხვა მიზეზი დაუსახელეს.
„ მათი არგუმენტი ასეთია, სხვა ლექტორებიც გვყავს, რომლებიც ასევე „ქართული ოცნებასთან“ თანამშრომლებენო, მაგრამ ის ადამიანები აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას არ ეწევიან და საკუთარ აზრებს ხმამაღლა არ გამოთქვამენო. ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ ამ სემესტრში უკვე არანაირი შეთავაზება აღარ მაქვს. შესაბამისად, ხელშეკრულებაც აღარ არსებობს“,- აცხადებს არჩილ გამზარდია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები