„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი აქცია „არა გაზპრომს“ ჩაიშალა (ფოტო, ვიდეო)
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე “არა გაზპრომს” ცოცხალი ჯაჭვი იმაზე მოკლე გამოვიდა, ვიდრე ამას ორგანიზატორები გეგმავდნენ. აქციაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციიდან რუსეთის საელჩოს მიმართულებით “ცოცხალი ჯაჭვის“ ფორმით იყო დაანონსებული, ცოტა ხალხი მივიდა. ჯაჭვი ვერ შედგა და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების ჯგუფმა აქცია მხოლოდ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართა.
მცირერიცხოვან საპროტესტო აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, „თავისუფალი ზონის“ წევრები და ის მოქალაქეები იმყოფებოდნენ, ვინც „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებს აპროტესტებდნენ.
ცოცხალ ჯაჭვში მდგომ მოქალაქეებს მიტანილი ჰქონდათ ბანერები და ლურჯი ბუშტები წარწერით “არა, გაზპრომს”. აქციის ერთ-ერთი მთავარ მოთხოვნას წარმოადგენდა, ის, რომ საქართველო არ დათანხმდეს “გაზპრომის“ მოთხოვნას სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურის მონეტარიზაციის შესახებ. მაშინ როდესაც, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, გუშინ განაცხადა, რომ საქართველო რუსეთისგან სომხეთისთვის მიწოდებული გაზის ტრანზიტის საფასურად, კვლავ გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ს მიიღებს.
კითხვაზე, ჰქონდათ თუ არა ორგანიზატორებს კალაძის განცხადების შემდეგ აღნიშნული აქციის ჩატარებას საფუძველი, აქციის მონაწილეები კონკრეტული პასუხის გაცემისგან თავის იკავებენ და ამბობენ, რომ “საქართველოში რუსული ძალის გაბატონებას და ქვეყნის ვექტორის შეცვლას“ არ დაუშვებენ.
“ეს აქცია დაანონსა “ნაციონალურმა მოძრაობამ“, ჩვენ – “თავისუფალი ზონის“ წევრები შევუერთდით ამ აქციას და რუსულ კომპანიას “გაზპრომს “ვეუბნებით “არა“-ს. სანამ რუსეთს ჩვენი მიწები აქვს მითვისებული, მაგათი ერთ პროცენტი გაზიც არ გვინდა“, – განაცხადა “კვირასთან“ საუბრისას “თავისუფალი ზონის“ ერთ-ერთმა წევრმა ნიკა ნარსიამ.
აღნიშნულ აქციას „ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე კვირის განმავლობაში აანონსებდა და მოქალაქეებს პროტესტის გამოხატვისკენ მოუწოდებდა.
შეგახსენებთ, რომ აქციის ჩატარებამდე ორი დღით ადრე “გაზპრომთან” ყოველწლიური ხელშეკრულება განახლდა, რომლის თანახმად, საქართველო აზერბაიჯანისგან დამატებით 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს, ხოლო დამატებით მოცულობას სამხრეთ კავკასიური მილსადენით მიიღებს. სომხეთში ტრანზიტის მონეტარულ საფასურზე “გაზპრომს” უარი ეთქვა.
ამასთან, სოკარმა გამოთქვა მზადყოფნა, 1000 კუბ.მ-ზე 35-40 აშშ დოლარით შეამციროს გაზგასამართი სადგურებისთვის კომერციული გაზის ფასი.