ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ხელოვნური ინტელექტის შესახებ საერთაშორისო საზაფხულო სკოლას მასპინძლობს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU), ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ, საერთაშორისო საზაფხულო სკოლა მიმდინარეობს.

“სიმბოლური და სტატისტიკური მეთოდების სკოლა ლოგიკური მსჯელობისა და ფორმალური გამოთქმების დამუშავებისთვის” – ხუთდღიან პროგრამაში KIU-ს მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების სკოლების სტუდენტები მონაწილეობენ.

საზაფხულო სკოლის ორგანიზატორებს და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა პაატა ტურავამ. მან საგანმანათლებლო პროცესში ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე მეთოდების გამოყენების მნიშვნელობასა და სტუდენტებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენის აუცილებლობაზე ისაუბრა. სკოლის გახსნას ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორი ვახტანგ ცაგარელი, პროფესორები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართა KIU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ფიფიამ.

სიმბოლური და სტატისტიკური მეთოდების თანამედროვე საკითხებზე ლექციებს ქართველ და უცხოელ სტუდენტებს უკითხავენ ცნობილი საერთაშორისო მკვლევრები ისეთი წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან, როგორებიცაა: ლონდონის სამეფო კოლეჯი (King’s College London), ბოლონიის უნივერსიტეტი, რომის „საპიენცას“ უნივერსიტეტი, ვალენსიის ტექნიკური უნივერსიტეტი, იოჰანეს კეპლერის უნივერსიტეტი, ლიუბეკის უნივერსიტეტი და სასექსის უნივერსიტეტი.

ხუთდღიანი საზაფხულო სკოლის ფარგლებში მონაწილეები ეცნობიან ფორმალური მსჯელობისა და გამოთქმების დამუშავების თანამედროვე ტექნიკებს, რომლებიც გამოიყენება კომპიუტერული პროგრამებისა და სისტემების სიზუსტისა და უსაფრთხოების შემოწმებისთვის, კონტროლის პოლიტიკების ანალიზისა და ავტომატური მსჯელობისათვის.

საერთაშორისო საზაფხულო სკოლის ორგანიზატორები არიან KIU-ს კომპიუტერული მეცნიერების სკოლის ხელმძღვანელი ნიკა გაგუა და ამავე სკოლის ასოცირებული პროფესორი ბესიკ დუნდუა. საზაფხულო სკოლის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები