ემანუელ მაკრონი ოფიციალური ვიზიტით დიდ ბრიტანეთში იმყოფება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ოფიციალური ვიზიტით დიდ ბრიტანეთში იმყოფება.

მაკრონმა ბრიტანეთში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.

“დიდ ბრიტანეთში სახელმწიფო ვიზიტით ჩავდივარ, რასაც მოჰყვება ფრანკო-ბრიტანული სამიტი. ეს ჩვენი ერისთვის მნიშვნელოვანი მომენტია. გაერთიანებული სამეფო სტრატეგიული პარტნიორია, მოკავშირე, მეგობარი. ჩვენი კავშირი დიდი ხანია არსებობს, ისტორიით არის ჩამოყალიბებული და ნდობით განმტკიცებული. ერთად ჩვენ გავუმკლავდებით ჩვენი დროის მთავარ გამოწვევებს: უსაფრთხოებას, თავდაცვას, ბირთვულ ენერგიას, კოსმოსს, ინოვაციას, ხელოვნურ ინტელექტს, მიგრაციას და კულტურას. ეს ყველაფერი ის სფეროებია, რომლებშიც ჩვენ ვცდილობთ ერთად ვიმოქმედოთ და გავაღრმაოთ ჩვენი თანამშრომლობა კონკრეტული, ეფექტური და მდგრადი გზით.

ეს ასევე მნიშვნელოვანი მომენტია ევროპისთვის. გაერთიანებული სამეფოს მიერ ევროკავშირთან კავშირების გაძლიერების სურვილი ძლიერი სიგნალია – რასაც მივესალმები. ეს გვავალდებულებს, ერთობლივად შევისწავლოთ თანამშრომლობის ახალი საშუალებები, რომლებიც პატივს სცემს ჩვენს საერთო ინტერესებს. იმდენი რამის აშენება შეგვიძლია ერთად: ჩვენი კონტინენტის სტაბილურობისთვის, ჩვენი საერთო კეთილდღეობისა და კონკურენტუნარიანობისთვის და ჩვენი დემოკრატიების დასაცავად.

ფრანგები და ბრიტანელები: ორი თავისუფალი და ამაყი ხალხი, რომლებიც არასდროს ნებდებიან. სწორედ ეს გვაერთიანებს, ყოველგვარი ოფიციალური ტექსტის მიღმა. სწორედ ეს გვაკავშირებს”,- წერს მაკრონი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები