დავით მათიკაშვილი – წერილი ნაპოვნია იქ, სადაც თორნიკე რიჟვაძე უგონოდ იპოვეს – წერილის ავთენტურობაზე ექსპერტიზა ტარდება
„დღემდე არსებული ინფორმაციით და არანაირი უფლება არა გვაქვს, რომ ამ ინფორმაციის სიმართლეში რაიმე ფორმით ეჭვი შევიტანოთ, წერილი ნაპოვნია იქ, სადაც თორნიკე რიჟვაძე უგონოდ იპოვეს – დღემდე ამ წერილის და რიჟვაძის კავშირი არის დადასტურებული,“ – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„ძალიან მძიმე ფაქტი მოხდა და ამ ადამიანს, პირველ რიგში, გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. გარდა იმისა, რაც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, რა წერილიც მან დატოვა და რაც იქ წერია, ამაზე მეტი გამორჩეული ინფორმაცია არც მე მაქვს და დამერწმუნეთ, არც არის ეს საზოგადოებაში რაღაც განხილვის თემა.
ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, რაც ყველამ განვიცადეთ. მიმდინარეობს გამოძიება და ყველაფერს გამოძიება დაადასტურებს.
წერილის ავთენტიკურობასთან დაკავშირებით ექსპერტიზა ტარდება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, შემთხვევა 6 ივლისს საგარეჯოში მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილმა ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ ალექსი ახვლედიანის იარაღი მალულად აიღო, სტუმრისთვის განკუთვნილ საძინებელში გადაიტანა და მარტო დარჩენილმა, თვითმკვლელობის მიზნით გულმკერდის არეში ისროლა.