ამბროლაურში საქართველოს სახალხო დამცველის რეგიონული ოფისი გაიხსნა
2025 წლის 8 ივლისს, ქალაქ ამბროლაურში, საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ახალი რეგიონული ოფისი ოფიციალურად გახსნა, რომელიც უზრუნველყოფს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში უფლებადარღვევის ფაქტების გამოვლენას და ხელს შეუწყობს სახალხო დამცველის მანდატის ეფექტურ განხორციელებას.
ოფისის გახსნის ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლებისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელი რეგიონში 2024 წლის ნოემბრიდან მუშაობს. ახლად გახსნილი ოფისი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ გადაეცა სახალხო დამცველის აპარატს. განახლებული სამუშაო სივრცე ხელს შეუწყობს, რეგიონში სახალხო დამცველის წარმომადგენლის ეფექტურ საქმიანობას ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების დაცვის მიზნით.
ამ ეტაპზე სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული ოფისები 10 სხვადასხვა ქალაქში მდებარეობს. რაჭის ახალი ოფისი ამბროლაურში, ბრატისლავა-რაჭის ქუჩა 11 არის განთავსებული.
რეგიონული ოფისების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სახალხო დამცველის ვებგვერდზე www.ombudsman.ge