ხვალ ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტს განიხილავენ
9 ივლისს, ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტს განიხილავენ და სლოვაკეთის ვეტოს მოხსნაში დარწმუნებას შეეცდებიან,- ინფორმაციას, უკრაინული მედია ავრცელებს.
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტი 4 ივლისს, ბრიუსელში, ელჩების სხდომაზე განიხილებოდა, თუმცა სლოვაკეთის პოზიციის გამო მისი მიღება ვერ მოხერხდა.
„რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტის განხილვა ხვალინდელი დღის წესრიგშია. თუმცა, ვერ ვწინასწარმეტყველებ, დამტკიცდება თუ არა ის, გააგრძელებს თუ არა სლოვაკეთი ბლოკირებას“, – განაცხადა ევროკავშირის ინფორმირებულმა წარმომადგენელმა ანონიმურად.
როგორც მედია იუწყება, სლოვაკეთის პოზიცია მის დაბლოკვასთან დაკავშირებით ჯერ არ შეცვლილა.
„ამჟამად, სლოვაკეთის პოზიცია არ შეცვლილა. სლოვაკეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტს ბლოკავს მანამ, სანამ ევროკომისიისგან მკაფიო გარანტიებს არ მიიღებს იმ ზარალის კომპენსაციის შესახებ, რომელიც გამოწვეული იქნება ევროკავშირის მიერ რუსული გაზის შეძენაზე დაგეგმილი სრული უარით”,- აცხადებს ერთ-ერთი წყარო.
უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა, რომ ამ კვირაში ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტთან დაკავშირებით შეთანხმებას უნდა მიაღწიონ.
ცალკეული სახელმწიფოების ვეტოს გამო მომავალი სანქციების მიღების რისკებზე საუბრისას ოლგა სტეფანიშინამ თქვა, რომ „ევროკავშირში რადიკალური პოლიტიკური ლიდერობის გარეშე ძალიან რთული იქნება“.