პაპუაშვილი – უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე: აღინიშნა საქართველოში უზბეკეთის რესპუბლიკის საელჩოს გახსნის მნიშვნელობა

“უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ბახტიორ საიდოვს ვუმასპინძლე. დღევანდელი შეხვედრა უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შედგა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოსა და უზბეკეთს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობა და ვიზიტების მზარდ დინამიკას გაესვა ხაზი.

‘აღვნიშნე გასულ წელს უზბეკეთში განხორციელებული ნაყოფიერი ოფიციალური ვიზიტი და გამოვხატე ჩემი კოლეგების საპასუხო ვიზიტით საქართველოში მასპინძლობის მზაობა.

მადლიერება გამოვხატე უზბეკეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

აღვნიშნეთ პარლამენტების მნიშვნელოვანი როლი ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პროცესში. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის გაფორმებულ მემორანდუმს და აგრეთვე, გაცვლებს მეგობრობის ჯგუფებს, კომიტეტებსა და პარლამენტის ადმინისტრაციებს შორის.

შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და უზბეკეთს შორის თანამშრომლობა ტრანსპორტის მიმართულებით, რათა შუა დერეფნის პოტენციალი უკეთ იყოს ათვისებული და გაუმჯობესდეს დაკავშირებადობა ცენტრალურ აზიასთან.

ყურადღება გავამახვილეთ ხალხთაშორისი კავშირების შემდგომ გაძლიერებაზე, მათ შორის, აქტიური კულტურული და საგანმანათლებლო გაცვლების გზით.

შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოში უზბეკეთის რესპუბლიკის საელჩოს გახსნის მნიშვნელობა”, – წერს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები