იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, კუეიიანგის ეკო ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, კუეიიანგის ეკო ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ლევან ზალკალიანმა, სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა იმერეთის რეგიონში ეკოლოგიური პოლიტიკის გაძლიერებისა და განვითარების სტრატეგიაზე. სახელმწიფო რწმუნებულმა ასევე ყურადღება დაუთმო ეკოლოგიური მიმართულებით იმერეთში განხორციელებულ და მიმდინარე ღონისძიებებს.
ზალკალიანის თქმით, საქართველო დიდ ძალისხმევას წევს ქვეყნის ეკოლოგიური განვითარებისთვის.
,,ეკოლოგია დღეს მსოფლიოსთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევაა. საქართველო დიდ ძალისხმევას წევს ქვეყნის ეკოლოგიური განვითარებისთვის და ამ მიმართულებით საკმაოდ მნიშვნელოვანი ქმედითი ნაბიჯებიც იდგმება. კონფერენცია მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ჩვენს რეგიონებსა და ქალაქებში დავნერგოთ აქ მიღებული გამოცდილება, რათა ხელი შევუწყოთ ეკოლოგიური გარემოს გაჯანსაღებას“ – აღნიშნა ლევან ზალკალიანმა.
ჩინეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში ქართული დელეგაცია კუეიჭოუს პროვინციასთან თანამშრომლობის ფარგლებში მონაწილეობს. იმერეთის რეგიონსა და კუეიჭოუს პროვინციას შორის დამეგობრების ხელშეკრულება გასულ წელს გაფორმდა.