ომარ ნიშნიანიძე: პირადად ვიცი რამდენიმე დეპუტატი, რომლებსაც პარლამენტში ყოფნა აღარ სურთ

კოალიცია „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებამდე დაშლა არ ემუქრება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ომარ ნიშნიანიძემ გაზეთ „რეზონანსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ნიშნიანიძე გამოცემასთან საუბრისას აღნიშნავს, თეორიულად ყველაფერი არის შესაძლებელი, თუმცა კოალიციიდან გასვლას არცერთი პარტია არ აპირებს.
„თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია, დაშლაც და არდაშლაც. მაქვს იმედი და განცდაც, რომ არ დაიშლება. კოალიციას არჩევნებამდე მაინც არაფერი ემუქრება. არსად წამსვლელი არ არის რომელიმე ძალა. ძალიანაც რომ აწყობდეს ვინმეს და სურვილიც რომ იყოს, არ მგონია, რომელიმე სუბიექტი კოალიციას გამოაკლდეს“, – აცხადებს ნიშნიანიძე.
დეპუტატი ინტერვიუში საარჩევნო სიის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, სია აუცილებლად განახლდება.
„ცვლილებებები ნამდვილად იქნება. ვფიქრობ, სია ერთი მესამედით განახლდეს. ცოტა მეტით ან ნაკლებით. გააჩნია, როგორ წავა მოლაპარაკებები და როგორ შეფასდება თითოეული ჩვენგანის მუშაობა“, – განაცხადა დეპუტატმა.
ნიშნიანიძის ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატი პარლამენტის დატოვებას აპირებს. „პირადად ვიცი რამდენიმე დეპუტატი, რომლებსაც აღარ სურთ პარლამენტში ყოფნა. ისინი ალბათ წავლენ და თავიანთი პროფესიის მიხედვით იმუშავებენ. კონკრეტულ გვარებს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ არიან პარლამენტარები, რომლებიც თავიანთ თავს უკვე სხვა სფეროში ხედავენ – ზოგი ბიზნესში, ზოგი სხვაგან“, – აღნიშნა ომარ ნიშნიანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები