აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობის მიღების თაობაზე საქართველოსა და „სოკარს” შორის ხელშეკრულება გაფორმდა

აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობის მიღების თაობაზე საქართველოსა და “სოკარს” შორის ხელშეკრულება გაფორმდა.
ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველო აზერბაიჯანიდან დამატებით 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს. რაც შეეხება ხელშეკრულებებს, მას დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში მოეწერება ხელი.
ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და “სოკარის” პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა საქართველოს მთავრობასა და აღნიშნულ კომპანიას შორის 2011 წლის დეკემბრში გაფორმებულ მემორანდუმში ცვლილებებს ხელი მოაწერეს.
დღესვე, “გაზისა და ნავთობის კორპორაციის” დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა და შპს “სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტის” ხელმძღვანელმა ზაურ გულიევმა ხელი მოაწერეს “ბუნებრივი გაზით მომარაგების შესახებ” – “კორპორაციას” და შპს “სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტს” შორის დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებებს.
აღსანიშნავია, რომ ხელი მოეწერა “ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის თაობაზე” “არნსკ”-ს და “კორპორაციას” შორის 2012 წლის ივლისში გაფორმებულ ხელშეკრულებაში არსებულ ცვლილებებსაც.
აღნიშნული ცვლილებების თანახმად კი, საქართველო აზერბაიჯანიდან დამატებით 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს. ამასთან, შემცირდება “სოკარიდან” შესასყიდი სოციალური გაზის ფასი, რაც, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ნაწილობრივ ამცირებს ეროვნული ვალუტის უცხოურ ვალუტასთან გამყარების შედეგად გამოწვეულ ფინანსურ ზარალს.
“საქართველო ბუნებრივი აირის დამატებით მუცულობებს სამხრეთ კავკასიური (ე.წ. შაჰ-დენიზის) მილსადენიდან მიიღებს და, წინა წლების მსგავსად, აღარ დადგება ტექნიკური შეზღუდვების გამო აზერბაიჯანიდან მოცულობების მიღების პრობლემა.
გარდა ამისა, სოკარი მზადყოფნას გამოთქვამს, 1000 კუბ.მ-ზე 35-40 აშშ დოლარით შეამციროს გაზგასამართი სადგურებისთვის კომერციული გაზის ფასი. 2012 წელთან შედარებით საქართველოში ბუნებრივი აირის მოხმარება თითქმის 40 %-ით არის გაზრდილი, რამაც განაპირობა ბუნებრივი აირის მოცულობების დამატებით მიღების აუცილებლობა”, – აცხადებენ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები