უკრაინაში ევროკავშირის ვიზების გამარტივებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებენ
ვიზების გამარტივებაზე საუბარი ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის არაპოპულარულია. ამის შესახებ უკრაინის უმაღლეს რადაში „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ თავმჯდომარემ იური ლუცენკომ განაცხადა.
„ევროპარლამენტის და ევროკომისიის ხელმძღვანელობასთან დახურული შეხვედრები ძალიან გულახდილი იყო. მილიონი სირიელი ლტოლვილისგან ევროპა შოკშია. ასეთ პირობებში საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმზე საუბარი არაპოპულარული თემაა“, – განაცხადა ლუცენკომ.
მისი თქმით, ჰოლანდიელი პოლიტიკოსები უკრაინისთვის სავიზო რეჟიმის საკითხის გარკვეული დროით გადადებას მოითხოვენ.
ლუცენკო ამბობს, რომ „ევროპის ბიზნესი დაიღალა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისგან და ეკონომიკური ვარდნის პირობებში მხარს უჭერს პუტინის ლოზუნგს: „სანქციები ურტყამს პუტინს, და არა უბრალო ადამიანებს“.
ევროპარალამენტი და ევროკომისია აცხადებენ, რომ უკრაინაში კორუფცია და ოლიგარქია დაძლეული არ არის.
„შეუძლებელია ქვეყანასთან სტრატეგიის შესახებ მოლაპარაკება, როდესაც იქ მთავრობამ საპარლამენტო უმრავლესობის ნდობა დაკარგა“, – აცხადებს იური ლუცენკო.
ლუცენკოს თქმით, უკრაინასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის და ევროკომისიის დასკვნა ასეთია: უკრაინას აქვს ორი კვირა, რომ კოალიცია შექმნას და ორი თვე რეფორმების გასატარებლად. „წინააღმდეგ შემთხვევაში ფიასკო. ბრიუსელს ცრემლების არ სჯერა“, – ამბობს უკრაინელი დეპუტატი.
ცნობისთვის, ევროკომისიამ 2 მარტს გადაწყვეტილება მიიღო, რომ საქართველოსთვის და უკრაინისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს ცალ-ცალკე განიხილავენ.