“გაიზარდა მოქალაქეთა ნდობა სახელმწიფოს მიმართ, რადგან დღეს საქართველო არის ქვეყანა, სადაც ხელისუფლება ანგარიშვალდებულია ხალხის წინაშე, ხოლო ინსტიტუტები ემსახურება საზოგადოებას. რასაკვირველია, ამ ისტორიულ პროცესში განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს ბიძინა ივანიშვილის ფუნდამენტური როლი, რომელიც, დღეს უკვე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარემ, თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ფორმირებაში შეიტანა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში წერს, რომელიც პარტიის დაარსებიდან 14 წლის იუბილეს ეხება.
მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, სწორედ ბიძინა ივანიშვლის ხედვამ და ქვეყნის წინაშე აღებულმა პასუხისმგებლობამ მიიყვანა საქართველო გარდამტეხ ეტაპამდე და მისი ლიდრობით გახდა შესაძლებელი საზოგადოების გაერთიანება.
„სწორედ მისმა ხედვამ და ქვეყნისა და ხალხის წინაშე აღებულმა პირადმა პასუხისმგებლობამ განსაზღვრა გზა, რომელმაც საქართველო გარდამტეხ ეტაპამდე მიიყვანა, სწორედ მისი ლიდერობით გახდა შესაძლებელი საზოგადოების გაერთიანება საერთო ეროვნული მიზნის გარშემო, დემოკრატიული ცვლილებების მშვიდობიანი გზით განხორციელება და იმ სისტემური მანკიერებების დემონტაჟი, რომლებიც წლების განმავლობაში აფერხებდა ქვეყნის განვითარებას.
ეს არის გზა, რომელიც 14 წლის განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ ნაბიჯ-ნაბიჯ გაატარა ჩვენს ქვეყანას, გზა გამოწვევებიდან – პროგრესისკენ, დაპირისპირებიდან – სტაბილურობისკენ და უნდობლობიდან – ნდობისკენ. ეს არის გზა, რომელმაც დაამტკიცა, რომ თანმიმდევრული პოლიტიკა, სუვერენიტეტის დაცვა და მშვიდობაზე ორიენტირებული ხედვა შესაძლებელია ქვეყნის წარმატების საფუძვლად იქცეს,“ – წერს ირაკლი კობახიძე.