“უმასპინძლე საქართველოში” სასტუმროების ინდუსტრიის განვითარებას შეუწყობს ხელს”

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მიიჩნევს, რომ პროგრამის – “აწარმოე საქართველოში” ახალი კომპონენტი – “უმასპინძლე საქართველოში” სასტუმროების ინდუსტრიის განვითარებას შეუწყობს ხელს.
“მინდა აღვნიშნო, რომ ეს კომპონენტი ეხება არა მხოლოდ ახალ სასტუმროებს, არამედ იმათაც, რომლებიც დღეს უკვე არსებობს, თუმცა უნდათ გაფართოება. შესაბამისად, ეს იძლევა იმის შესაძლებობას, რომ დღეს არსებულმა ბიზნესმოთამაშეებმა ასევე გააფართოონ და გაზარდონ თავიანთი ბიზნესი”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით, პროექტის თანახმად, სახელმწიფო ხელს შეუწყობს ასევე საერთაშორისო ბრენდის შემოსვლას და იმ „ფრენჩაიზინგის“ გადასახადს, რომელიც საერთაშორისო ბრენდის შემოსვლას მოჰყვება ხოლმე პირველი ორი წლის განმავლობაში გარკვეული ლიმიტის ფარგლებში დაფინანსებით.
როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, დღეს ტურიზმი 180 000-ზე მეტ სამუშაო ადგილს ქმნის.
“ეს არის მილიარდ რვაასი მილიონის შემოსავალი ჩვენი ქვეყნის საგადასახდელო ბალანსში. ჩვენი სტრატეგიის მიხედვით, იმისთვის, რომ ჩვენ ხუთ მილიარდ ხუთასი მილიონს მივაღწიოთ საგადასხდელო ბალანსში შემოსავალს და 330 000 ადამიანზე მეტი გვყავდეს დასაქმებული ტურიზმის დარგში, რა თქმა უნდა, ამისთვის ასეთი წამახალისებელი პროგრამები შეიქმნება და ხელი შეეწყობა ტურიზმის განვითარებას”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მისივე თქმით, აღნიშნული კომპონენტი არ ვრცელდება ბათუმთან და ქუთაისთან მიმართებაში. „რაც შეეხება ყველა დანარჩენ მიმართულებას, აქ პროექტი ჩვეულებრივად იმუშავებს”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
„უმასპინძლე საქართველოში“ – რეგიონებში სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების მიზნით, სახელმწიფო პროგრამას – „აწარმოე საქართველოში“ ახალი კომპონენტი დაემატა. პროგრამის ფარგლებში, დაინტერესებულ მეწარმეს შეუძლია სახელმწიფოს თანადაფინანსებით, თბილისისა და ბათუმის გარდა, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში ააშენოს ახალი სასტუმრო, მოახდინოს არსებული ინფრასტრუქტურის გაფართოება/გადაიარაღება, გააფორმოს „ფრენჩაიზინგის“ ხელშეკრულება სასტუმროს საერთაშორისო ოპერატორთან და შემოიყვანოს უცხოური ბრენდი ქართულ ბაზარზე. სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები