ნოდარ ხადური: ქვეყნის ეკონომიკას უფრო მეტი შესაძლებლობები ექნება

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ბიზნესგაერთიანება “საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის” წევრებს შეხვდა. ფინანსთა მინისტრმა ასოციაციის წარმომადგენლებს საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები, მათ შორის მოგების გადასახადის რეფორმა გააცნო.
როგორც ხადურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოში ძალიან სერიოზული რეფორმა იწყება.
“პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მოგების გადასახადის მაგივრად, საქართველოში იქნება განაწილებული მოგების გადასახადი, რაც ნიშნავს მხოლოდ ერთს, რომ თუ კომპანიები მოგებას აღარ გაანაწილებენ და ისინი ამ თანხის რეინვესტირებას მიმართავენ, მოგების გადასახადს აღარ გადაიხდიან, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოგება განაწილებული იქნება დივიდენდის, ან სხვა მსგავსი ტიპის სახით, ის ჩვეულებრივი რეჟიმით დაიბეგრება. ეს ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკაში მეტი თანხები დარჩება განვითარებისთვის და ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკას უფრო მეტი შესაძლებლობები ექნება”, – განაცხადა ხადურმა.
მინისტრის განმარტებით, გარდა ამისა, შემოდის სხვა ინიციატივებიც, მაგალითად – ძირითადი საშულებების იმპორტისას დღგ-ს გადახდა საზღვარზე აღარ მოხდება.
“გარდა ამისა, საგადასახადო შემოწმებას ჩაატარებს მხოლოდ საგადასახდო სამსახური და არა საგამოძიებო სამსახური. ვფიქრობთ, რომ ეს არის გადაწყვეტილება მიმართულია ბიზნესგარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესებისთვის”, – განაცხადა ხადურმა და აღნიშნა, რომ ასეთი ტიპის შეხვედრები პერმანენტულად იმართება და მომავალშიც გაგრძელდება.
თავის მხრივ, “საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის” პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ყველა ცვლილებას ბოლომდე კარგად გარკვევა ესაჭიროება, რათა მეწარმემ სწორი აქცენტები გააკეთოს.
“ცხადია, საინტერესოა მოგების გადასახადისგან გათავისუფლება იმ შემთხვევაში, თუ მისი რეინვესტორება მოხდება, მაგრამ ჩვენ გვანტერესებს, კონკრეტულად რა ინვესტიციები ჩაითვლება იმ ინვესტიციებად, რომლებიც გადასახადებისგან გათავისუფლდება”, – განაცხადა ელგუჯა მელაძემ. შეხვედრა “საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის” ოფისში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები