უკრაინის შს მინისტრი პრემიერის გადადგომის შესახებ ინფორმაციას უარყოფს
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი უარყოფს პრემიერ-მინისტრის, არსენ იაცენიუკის შესაძლო გადადგომის თაობაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას. ამის შესახებ გამოცემა „ლიგა.ნეტ“ იუწყება.
„ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“, – განაცხადა ავაკოვმა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეს ინფორმაცია ასევე უარყვეს. უკრაინულ მედიაში დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრმა არსენ იაცენიუკმა თანამდებობა დატოვა. მის შემცვლელად თითქოს უკრაინის ფინანსთა მინისტრი ნატალია იარესკო სახელდებოდა. იაცენიუკის ფრაქცია „სახალხო ფრონტში“ მისი გადადგომის შესახებ ინფორმაციას „გამოგონილი“ უწოდეს. იაცენიუკის შესაძლო გადადგომის შესახებ ინფორმაცია გასულ კვირასაც გავრცელდა.