იმპოტენცია,უშვილობა, ფსიქოზი … რას იწვევს „ბიო“? – შსს ანტინარკოტიკულ კამპანიას იწყებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯანდაცვის, განათლების და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროებთან ერთად ე.წ. ბიოს მოხმარების წინააღმდეგ მიმართული ანტინარკოტიკული საგანმანათლებლო კამპანია დაიწყო.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა „კვირასთან“ საუბრისას განმარტა, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება და ბიოს მოხმარებით გამოწვეული შედეგების მოსახლეობამდე მიტანა იქნება. გიორგობიანი პრობლემასთან ბრძოლაში საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობაზეც საუბრობს.
მისი თქმით, ნარკოტიკის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია კომპლექსურია და ის საგანმანათლებლო მხარესთან ერთად სამართლებრივ ცვლილებასაც გულისხმობს. შსს-ს მიერ პარლამენტის წინაშე წარდგენილი კანონპროექტი ძალაში 1 მაისიდან შევა, კანონში შესული ცვლილების თანახმად, „ბიოს“ შეძენა, შენახვა, გასაღება-ყიდვა დასჯადი გახდება.
„ანტინარკოტიკული კამპანიის მთავარი მიზანია, მოხდეს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება. ჩვენ არა ვართ ორიენტირებული დასჯაზე, ჩვენი მთავარი მიზანია, მოსახლეობა მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული იმაზე, თუ რა ზიანი მოაქვს „ბიოს“. პარლამენტში შესულია და ორი მოსმენით მიღებულია კანონპროექტი, რომელიც პირველი მაისიდან ამოქმედდება და „ბიოს“ კრიმინალიზაციას გულისხმობს. ცვლილების შემდეგ მისი შეძენა შენახვა, გასაღება-ყიდვა დასჯადი გახდება, თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ კუთხით მხოლოდ კანონის გამკაცრება შედეგის მომტანი არ იქნება, თუ საზოგადოება ინფორმირებული არ იქნება და არ ეცოდინება რეალურად, რა ხდება. ჩვენი სლოგანია: „ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება“, რაც გულისხმობს იმას, რომ პრობლემასთან ბრძოლაში საზოგადოების ჩართულობა უნდა იყოს ძალიან მაღალი. ანტინარკოტიკული კამპანია კომპლექსურია და გულისხმობს იმას, რომ შსს თავისი კუთხით განაგრძობს მუშაობას და პრობლემის შესწავლას, კამპანიაში აქტიურად არის ჩართული განათლების, ჯანდაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროები“,- განაცხადა ნინო გიორგობიანმა.
მისივე განცხადებით, შსს გეგმავს, განათლების სამინისტროს დახმარებით სკოლაში მასწავლებლების დონეზე გავიდნენ, რათა მოსწავლეებს აუხსნან და ესაუბრონ იმ ზიანის შესახებ, რომელიც მათ „ბიოს“ შესაძლო მოხმარებამ შეიძლება მოუტანოთ. გიორგობიანის განცხადებით, კამპანია საკმაოდ კომპლექსურია და მთლიანად შედეგზეა ორიენტირებული.
საზოგადოებაში „ბიოს“ პოპულარიზებას და ხელმისაწვდომობას ხელი მისმა მარტივად გამოყენების შესძლებლობამაც შეუწყო. როგორც „კვირას“ შსს-ს პროექტში მონაწილე ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ განუმარტა, „ბიო“ არ საჭიროებს ჩხვლეტას და ის არ გვხვდება ნემსის სახით, „ბიოს“ ახალგაზრდები მოსაწევის სახით იღებენ, რაც მის მოხმარებას აადვილებს. იოლია მისი შეძენაც. ფსიქოლოგის განცხადებით, ახალგაზრდები მას ინტერნეტის მეშვეობით იწერენ. 10149316_734715256573321_588145566_n
ბოლო თვეების განმავლობაში „ბიოთი“ დაინტერესებას ვაჟებთან ერთად გოგონებიც გამოხატავენ, რის გამოც მკვეთრად იმატა წამალზე დამოკიდებული გოგონების რიცხვმა. ფსიქოლოგის განცხადებით, ორივე სქესის წარმომადგენლებში აღნიშნული ნარკოტიკის მოხმარებას კატასტროფული შედეგები მოჰყვება. მისი განმარტებით, „ბიო“ მამაკაცებში იმპოტენციას იწვევს. პოტენციას აქვეითებს ქალშიც. მარინა კაჭარავას განცხადებით, „ბიოზე“ დამოკიდებულ ადამიანებს შეიძლება თვეების განმავლობაში არ ჰქონდეთ სექსი და სურვილიც კი არ გაუჩნდეთ, სექსით დაკავდნენ, თუმცა სექსუალური ცხოვრების შემთხვევაშიც კი ისინი უნაყოფოები ხდებიან.
მკვეთრად დაიწია ასაკობრივმა ზღვარმაც. ფსიქოლოგის განმარტებით, „ბიოს“ უმეტესად 11 წლის ასაკიდან მოიხმარენ, ზედა ზღვარი კი უმეტესად 22 წლამდე მერყეობს, თუმცა მისი გამოყენების შემთხვევები 22 წლის ზემოთაც ხშირია.
„ბიოს“ საქართველოში, ძირითადად, 11 -დან 22 წლამდე მოიხმარენ. რეალურად კი 22 -ზე ზევითაც ხშირად გვხვდება. შემოსულია ე.წ. ბიო სპაისები და ბიოსმოუქები. მათში ათასი საშუალებაა შერეული. შენარევებიდან ზოგი თეთრი ფერის ფხვნილია, ზოგი კიდევ მუქი ფერის არის და ვიზუალურად ჩაის მსგავსია. ბიჭებთან ერთად „ბიოს“ გოგოებიც ეტანებიან. მამაკაცებში „ბიოს“ მოხმარება იმპოტენციას და სპერმის სტერილიზებას იწვევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის უნაყოფო ხდება. პირდაპირ უშვილობას იწვევს ის გოგონებშიც, თუმცა მათ წამლის მოხმარებისას სექსი თვეების განმავლობაში აღარ უნდებათ და ამის მოთხოვნილება და უნარი უქრებათ“,- განაცხადა მარინა კაჭარავამ.
ფსიქოლოგის განცხადებით, საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცა აქვს იმის შესახებ, თუ რას იწვევს „ბიონარკოტიკის“ მოხმარება. მისი თქმით, ეს არის წამალი, რომელიც სასუნთქი გზების დამბლას, ფსიქოზს და გარდაცვალებასაც კი იწვევს. „ბიო“ სხვა ნარკოტიკებთან შედარებით უფრო იოლად ხდის დამოკიდებულს. „ბიოს“ მოხმარება იწვევს ფსიქოზს. მქონია შემთხვევები, როცა პაციენტს ფანჯრიდან გადახტომა უნდა. ერთი მეუბნებოდა, რომ სული ამომდის და ვერ ამომდისო და ამ დროს კანს იგლეჯავს თითქოს და ხტება, რომ ტანჯვა დასრულდეს. შეიძლება ადამიანში სასუნთქი გზების დამბლა გამოიწვიოს და კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდეს. ხშირად „ბიომდე“მიღებული აქვთ ამფეტამინები, ალკოჰოლი, სხვა საშუალებები და მერე აყოლებენ „ბიოს“, ასეთ დროს მან შეიძლება სიკვდილიც გამოიწვიოს. ბოლო დროს აღნიშნული წამლით გარდაცვალების ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა“,- განაცხადა მარინა კაჭარავამ.
„ბიო“, იგივე სპაისი მოსაწევი სინთეტიკური ნივთიერებაა. ის ევროპაში 2000-იან წლებში გამოჩნდა. შემადგენლობის მხრივ სხვადასხვა სახის სპაისი არსებობს. ზოგიერთ ქვეყანაში ზოგიერთი სახის სპაისი აკრძალულია. ის რამდენიმე სახის მცენარისა და ქიმიური ნივთიერებების (JWH-018, HU-210, CP 47,497…) შერევის შედეგად მიიღება. „ბიოარომატიზატორს“ მარიხუანას მსგავსი ეფექტი აქვს, თუმცა, მისი მოქმედება ბევრად უფრო მალე იწყება და უფრო ძლიერია. „ბიოს“ მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს: თავბრუს ხვევა, შფოთვა, ჰალუცინაციები, აღქმის დარღვევა, კოორდინაციის დარღვევა, სისუსტე, მეხსიერების დაქვეითება, ნევროზი და ფსიქოზი.

ცირა შერგელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები