კახა კალაძე: ვიზალიბერალიზაციის პროცესში ევროპელი „სოციალისტების“ მხრიდან იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა

თბილისში ვიზიტით მყოფი „ევროპის სოციალისტური პარტიის“ პრეზიდენტი სერგეი სტანიშევი და გენერალური მდივნის მოადგილე ჯაკომო ფილიბეკი დღეს პარტია “ქართული ოცნების” გენერალურ მდივანს, ვიცე-პრემიერ კახა კალაძეს, პარტიის სხვა ლიდერებს და პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას შეხვდნენ.

როგორც შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების’ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბოლო სამი წის განმავლობაში განხორციელებულ რეფორმებს და სამომავლო თანამშრომლობას.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელიც მივიღეთ ბატონი სტანიშევისგან სამომავლო თანამშრომლობაზე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესში ევროპელი „სოციალისტების“ მხრიდან იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ ურთიერთობების გაღრმავებას ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. ბოლო პერიოდის განმავლობაში პარტიამ გადადგა არაერთი ქმედითი ნაბიჯი ამ მიმართულებით. მე გამოვყოფდი ერთერთს, პარტიის გაწევრიანებას ევროპულ სოციალისტურ პარტიაში, რაც მისასალმებელია“,- განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ „ქართული ოცნება“, როგორც მმართველი კოალიციის წამყვანი ძალა, არის საქართველოს ევროპული კურსის უმთავრესი გარანტი, ევროპელ „სოციალისტთა პარტიებთან“ პარტნიორობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის თვალსაზრისით.

„ევროპის სოციალისტური პარტიის“ პრეზიდენტის სერგეი სტანიშევის თქმით, საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია ვიზალიბერალიზაციის მიღება.

„ქვეყანა უახლოვდება ევროპას. ევროპელი „სოციალისტები“ მხარს ვუჭერთ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებას და მოვითხოვთ, ეს მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად”, – განაცხადა სტანიშევმა.

მისივე თქმით, საქართველომ შეასრულა ყველა დავალება და ეს დაიმსახურა.

„ჩვენ ვისაუბრეთ, თუ როგორ დავუჭიროთ მხარი „ქართულ ოცნებას“ ამ არჩევნებში. როგორც მე დღეს შეხვედრებზე განვაცხადე, დღეიდან მათი საქმიანობა ჩვენი საქმიანობაა. ჩვენ გვინდა, რომ „ქართული ოცნება“ იყოს წარმატებული მთავრობაში და ჩვენ ნათლად ვაჩვენებთ წლევანდელი წლის საარჩევნო კამპანიაში თუ როგორ დავუჭერთ მათ მხარს ჩვენ, ევროპის „სოციალისტების“ ოჯახი“, – განაცხადა სერგეი სტანიშევმა.

მანვე ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის რეფორმებს და განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობამ აღადგინა სოციალური თანასწორობა საქართველოში, ისეთ მთავარ საკითხებში, რომელიც ყველა ადამიანზე ზეგავლენას ახდენს. ეს არის ჯანდაცვა, განათლება, მცირე და საშუალო ბიზნესის და სოფლის მეურნეობის სექტორისთვის ხელშეწყობა და სხვა. ამასთან, მისივე თქმით, საქართველო დემოკრატიული ქვეყანა გახდა იმასთან შედარებით, თუ როგორი იყო ის წინა პერიოდში.

„ხალხს აქვს უფლება, უფრო მეტს მოელოდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია, ასევე შევახსენოთ ჩვენს თავს, თუ სად იყო საქართველო სამი წლის წინ და სად არის ახლა. საკმაოდ ნათელი იყო ის, რომ ხალხს არ ქონდა თავისი მოსაზრების გამოხატვის შესაძლებლობა“, – განაცხადა სერგეი სტანიშევმა.

მისივე თქმით, მოსალოდნელია საქართველოს მთავრობის და „ქართული ოცნების“ მნიშვნელოვანი ვიზიტები ბრიუსელში, რომლის დროსაც შედგება ერთიანი დისკუსიები.

„ევროპის სოციალისტური პარტია“ არის სოციალ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპული პოლიტიკური პარტია, რომელიც „ევროპის სოციალისტურ“, „სოციალ-დემოკრატიულ“ და „ლეიბორისტულ პარტიებს“ აერთიანებს. მის შემადგენლობაშია 33 სრულუფლებიანი წევრი ევროკავშირის 28 ქვეყნიდან და ნორვეგიიდან.

პარტიაში გაერთიანებულია აგრეთვე 13 ასოცირებულიდა 12 დამკვირვებელი წევრი. „ევროპის სოციალისტური პარტია“ ევროპარლამენტში წარმოადგენს სიდიდით მეორე პოლიტიკურ ძალას 195 დეპუტატით. “ქართული ოცნება” 2015 წლის ივნისში ოფიციალურად გახდა „ევროპის სოციალისტური პარტიის“ წევრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები